საქართველოს პარლამენტს ერთი ოპოზიციონერით ნაკლები ეყოლება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2022
გამოწერა
ნონა მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში 27 დეპუტატი დარჩება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა დეპუტატ ნონა მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა.
მამულაშვილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო. ეკონომისტი მამულაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი იყო.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, კომიტეტი მამულაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად განიხილავს.

ქადაგიშვილის განცხადებით, მამულაშვილმა პარლამენტს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მისი სურვილია, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი ამას უნდა დაეთანხმოს. „ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტმა მოამზადა დასკვნა“, – აღნიშნა მან.

მამულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს პარლამენტში 27 დეპუტატი დარჩება.
უფრო ადრე მამულაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია დაიცალა პოლიტიკისგან და პარტიაში სისტემური პრობლემები არ იძლევა სიახლის და გაჯანსაღების შესაძლებლობას. მისი თქმით, ტრაგიკული ისაა, რომ ეს ერთსა და იმავე დროს ყველას და არავის ბრალია, რაც პოლიტიკურ ჩიხს კიდევ უფრო ამყარებს.
პოლიტოლოგი: „საბოლოოდ მოკვდა და ვერაფერი გააცოცხლებს“>>
ოქტომბრის დასაწყისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები რამდენიმე პოლიტიკოსმა დატოვა, მათ შორის ნიკა ობოლაძემ და პოლიტსაბჭოს წევრმა ბადრი ბასიშვილმა.
ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება სულ უფრო იზრდება. პარტიის ლიდერთა ნაწილი ღიად აკრიტიკებს პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მიანიშნებს მის დაბალ ლეგიტიმაციაზე და დაჟინებით მოითხოვს შიდა არჩევნების ჩატარებას. ასეთ არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნა მელიამ უკვე გამოთქვა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
თალაკვაძე: „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური გემი იძირება>>
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
ამ ყველაფერმა სტაგნაცია გამოიწვია. პარტიის ლიდერთა ნაწილმა ღიად გამოთქვა უკმაყოფილება მელიას მიმართ. შედეგად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0