ქართულმა ბიზნესმა ენერგეტიკის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის სქემა დადებითად შეაფასა

© courtesy of Business Association of Georgiaსაქართველოს ბიზნეს-ასოციაციის შეხვედრა
საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის შეხვედრა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2022
გამოწერა
მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების ამაღლებას და სექტორში ინვესტიციების მოზიდვას, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე ბიზნეს-ოპერატორებს ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა გააცნო. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია.

„ახალი სქემა ბიზნეს-სექტორს საშუალებას მისცემს, ეფექტიანად განახორციელონ ენერგეტიკული პროექტები, ვინაიდან ზემოხსენებული სქემა ცალსახად არის ბიზნესის მხარდაჭერა, რაც სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური გზავნილია“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

მთავრობის მიერ შემუშავებული მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
ვეფხვაძის თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკური ვითარებისა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ წარადგინა მხარდაჭერის სქემის პირობები, შერჩევის კრიტერიუმები და ვადები. აღნიშნული სქემით პროექტების შემუშავება განხორციელდება საჯარო და კერძო კანონმდებლობის შესაბამისად.
ინვესტორებს გაჩერებული ენერგოპროექტების განახლებისთვის ოთხთვიანი ვადა მისცეს >>
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შესარჩევ კომისიას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებისგან. ასევე შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საბანკო გარანტიები და აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია აღნიშნავს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროებზე ყურადღების გამახვილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო. ასევე საგულისხმოა, რომ პროგრამის ელემენტები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან, განაცხადეს ასოციაციაში.
სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით.
Cfd არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე. როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის ორნიშნა ზრდით საქართველოში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რომელსაც ადგილობრივი გენერაცია არ ჰყოფნის. თუ ქვეყანაში არ დაიწყება ჰესების მშენებლობა, უახლოეს წლებში საქართველო ელექტროენერგიის დეფიციტს შეიძლება შეეჯახოს.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
სამცხე-ჯავახეთში „ახალქალაქის ჰესების კასკადი“ ამოქმედდა >>
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წლის იანვარი–აგვისტოში საქართველოში გამომუშავდა 9,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 22,6%-ით მეტია; ხოლო ამავე პერიოდში გამოყენებული იყო 10 მილიარდზე მეტი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
წყარო - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
ყველა ახალი ამბავი
0