რატი ბრეგაძე: „საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს“

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2022
გამოწერა
საქართველოში სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და არავის აქვს უფლება ამ სისტემაში ეჭვი შეიტანოს, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, არიან ადამიანები, რომლებიც არ ენდობიან მართლმსაჯულების სისტემის გადაწყვეტილებებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ევროპარლამენტის თორმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა წერილით – განიხილოს თავისი უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესაწყალებლად, რომელსაც მათ პოლიტპატიმარი უწოდეს.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი. ცალკეულმა პირებმა ყოველთვის შეიძლება გამოხატონ უნდობლობა გარკვეული გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ აქსიომაა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის დამოუკიდებელი და არავის აქვს უფლება, რომ შეიტანოს მის სისწორეში ეჭვი. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბატონი ნიკოლოზ გვარამია თუ სხვა ადამიანი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, ბრალდებულს ყოველთვის შეუძლია თავისი განაჩენის გასაჩივრება საქართველოში, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი შესაძლებლობების ამოწურვის შემდეგ საკუთარი უდანაშაულობა სტრასბურგის სასამართლოში დაამტკიცოს.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადება უსაფუძვლოა.
„ევროპარლამენტარი არის პოლიტიკოსი და როდესაც პოლიტიკოსი აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მას სჭირდება ამისთვის საკმარისი საფუძველი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდეს >>
რამდენიმე დღის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როდესაც მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იყო.
12 ევროდეპუტატის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემისადმი არსებულ უნდობლობას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაზრდის აუცილებლობას ხაზს უსვამს. ის ასევე უარყოფითად აისახება მედიის თავისუფლებაზე და კიდევ უფრო ამწვავებს პოლარიზაციას, ნათქვამია ევროპარლამენტის დეპუტატების მიმართვაში.
ყველა ახალი ამბავი
0