„არაფერი გამოვა“ - „ოცნების“ დეპუტატი ოპოზიციის გეგმებზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2022
გამოწერა
დეპუტატის აზრით, ქვეყანაში არ არიან ადამიანები, რომლებიც ოპოზიციას ხელისუფლების დამხობისთვის ბრძოლაში გაჰყვებიან.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი არასწორ პოლიტიკას ატარებს და არასწორ ნაბიჯებს დგამს, ამიტომ არაფერი გამოუვათ, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გიორგი ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ პოლარიზაცია სწორი გზაა. ის მიიჩნევს, რომ აუცილებელია მეორე ძლიერი პოლუსის შექმნა. ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზაა ოპოზიციის ერთობა და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ჯაფარიძის განცხადებას მთლიანად ეთანხმება დეპუტატი პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პაატა მანჯგალაძე.

„ამ ადამიანს არაფერი გამოუვა... რაც უნდა ის აკეთოს, რადგან არასწორი ადამიანი და არასწორი პოლიტიკოსია, არასწორად ოპონირებს, არასწორ ნაბიჯებს დგამს, ამიტომ აქედან არაფერი გამოვა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში არაა კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების მასა, რომელიც ხელისუფლების დამხობის ამ ბრძოლაში მათ გაჰყვება.
უფრო ადრე სამი ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ცაგარეიშვილმა გაიხსენა, თუ როგორ დააანონსა ჯაფარიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ერთად „ცხელი“ შემოდგომა. შემოდგომის ბოლომდე კი მხოლოდ 26 დღე დარჩა, აღნიშნა მან.
„დაველოდებით ამ „ცხელ შემოდგომას“, ასე მწიფდება „ცხელ თავებში“ „ცხელი შემოდგომა“ და შემდეგ ჩამოიშლება ხოლმე... შემდეგ მოდის არჩევნები და ამ არჩევნებს აგებენ. იმიტომ აგებენ, რომ არასწორ და მიუღებელ პოლიტიკურ დღის წესრიგს სთავაზობენ ქვეყანას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა ოპოზიციონერების რელსებზე არ გადაეწყობა, რამდენიც არ უნდა იარონ ევროკავშირში და აშშ-ში.
„ერთმანეთს ჭამენ“ - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე>>
„იქ არ კეთდება ქართული საქმე, ქართული საქმე კეთდება აქ, ამ ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში, აქ კეთდება და არა ბრიუსელში, ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზში“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მანამდე ვაშაძემ და ჯაფარიძემ ერთობლივი განცხადება გააკეთეს 19–21 ოქტომბერს ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ევროკავშირი 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დაასრულებს და ეს შეფასება, დიდი ალბათობით, ნეგატიური იქნება.
მმართველ პარტიაში ამის პასუხად განაცხადეს, რომ ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს და დასავლელი პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ცდილობს მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით.
ოპოზიციური კოალიციის შექმნის იდეა
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „დიდი ევროპული ოპოზიციური ერთობის“ შექმნის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. თავის პოტენციურ პარტნიორებად მან დაასახელა პარტიები „დროა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“. თანამშრომლობისთვის მზადყოფნა ახალი კოალიციის ჩამოყალიბების შემთხვევაში გამოთქვეს ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა.
სატყუარა თუ მასკარადი - პოლიტიკოსების რეაქცია საქართველოში პრაიმერიზის ჩატარების იდეაზე>>
თუმცა, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური გაერთიანების შექმნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ძალიან დიდი შეცდომა იქნება.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამ პარტიებს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები და ფავორიტები უწოდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება და დე ფაქტო კოალიცია როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს, პოლიტიკური ლანდშაფტი არანაირად არ შეიცვლება.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ვინც ამ ერთობაში არ იქნება, ჩამოშორდება პოლიტიკურ პროცესებს. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მათთან, ვისაც ელექტორალური მხარდაჭერა აქვს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0