ოპოზიციამ საქართველოს პრეზიდენტს გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
ნიკა გვარამიას შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იქნება, მიიჩნევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ აბსურდული და უკანონოა, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე.

„სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება აბსურდულია, უკანონოა და სამაგალითოა სხვების დასაშინებლად, დამოუკიდებელი მედიის მოსახრჩობად“, – დაწერა ხაზარაძემ სოციალური ქსელის თავის გვერდზე.

მისი თქმით, უსამართლობის დასაბალანსებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს – გვარამიას შეწყალება.
„ის (პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი) უნდა დადგეს საკუთარ წყენაზე მაღლა და საზოგადოების ინტერესების გამო დაივიწყოს ის კრიტიკა, რაც მიუღია თუნდაც ნიკასგან“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა ზურაბიშვილს ასევე დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძემ.
„უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იგი [პრეზიდენტი] მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი“, – განაცხადა დეკანოიძემ.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დეპუტატი ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან“ ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდებები აბსურდულია.
„ის არ წარმოადგენს ისეთი ტიპის საფრთხეს, რომ ციხეში მისი გამოკეტვა აუცილებელი იყოს. გარდა ამისა, ის ბრალი, რაც წარდგენილია, არის სრულიად აბსურდული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ბრალით რომ მივუდგეთ, ამ ქვეყანაში ჩინოვნიკების ნახევარი დასაჭერი იქნება“, – განაცხადა იოსელიანმა.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა>>
გვარამიას შეწყალების წინააღმდეგ გამოვიდა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია. როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მხოლოდ პირადად მისი, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, სწორი იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა“ ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. „რუსთავი 2“ ხალვაშს 2019 წელს, საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოსა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე დაუბრუნდა.
გვარამიას საქმე
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება მოვლენებს 2019 წლის ივლისამდე, როდესაც გვარამია „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2019 წლის ივლისში ტელეკომპანიამ მფლობელი შეიცვალა.
საქმის მასალებით, 2015–2018 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს. გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.
ამ მოქმედებით ტელეკომპანიის შემოსავალი 6.763.509 ლარით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ერთი წლით ადრე. მიზანი კი ის იყო, რომ „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შემთხვევაში ტელეარხი სრული ბანკროტი ყოფილიყო.
ელიტური ბინები და ავტომობილები: რაში დახარჯა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ფული - პროკურორი>>
ამ ფულით 2016–2017 წლებში შეძენილი იყო ძვირადღირებული მოძრავი და უძრავი ქონება თბილისის პრესტიჟულ რაიონებში.
კერძოდ, 170 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე, 75 ათასი დოლარის ღირებულების ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და 95 ათასი დოლარის ღირებულების – ათონელის ქუჩაზე.
უძრავი ქონების გარდა, გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა აღნიშნულ პერიოდში შეიძინეს 352.260 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები – GRAND CHEROKEE, HONDA, TOYOTA და FIAT.
ასევე 2019 წლის თებერვალში გვარამიამ მეუღლესთან ერთად „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის შეარჩია 76,7 ათასი ევროს ღირებულების Porsche Macan კომპანიის სარეკლამო რგოლების „რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსების სანაცვლოდ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0