ელიტური ბინები და ავტომობილები: რაში დახარჯა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ფული - პროკურორი

© photo: Sputnik / Stringerნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
გამოწერა
გვარამიამ გააკოტრა ტელეკომპანია, როდესაც ყოფილმა მფლობელმა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, განაცხადა პროკურორმა.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. მედიამენეჯერი ნიკა გვარამია ტელეარხ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნისას ცდილობდა მაქსიმალური ზარალი მიეყენებინა ტელეარხისთვის და უკანონო სარგებელი მიეღო, განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.
ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზიანის მიყენების საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში დამნაშავედ ცნეს. მას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

„საქმეზე გამოძიება 2019 წლის ივლისში, ხოლო ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2019 წლის აგვისტოში დაიწყო. მოცემული დროისათვის იგი არ იყო „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და არც ტელეკომპანიის ერთ-ერთი მეწილე. შესაბამისად, საუბარი მის მიმართ შურისძიებაზე, როგორც სატელევიზიო არხის დამფუძნებელზე, უსაფუძვლოა“, – განაცხადა გუბელაძემ.

მისი თქმით, „სრული და ობიექტური გამოძიების შედეგად მიიღეს უტყუარი მტკიცებულებები“, რომ 2015–2018 წლებში ტელეარხის ხელმძღვანელებმა, მათ შორის გვარამიამ, სხვადასხვა სიმძიმის რიგი დანაშაულები ჩაიდინეს.
„კერძოდ, მას შემდეგ, რაც გაჩნდა მოლოდინი, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში უკანონოდ მიტაცებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში კომპანიის წილების დასაბრუნებლად სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებდა“, – აღნიშნა გუბელაძემ.
პროკურორმა ასევე ისაუბრა სქემაზე, რომელიც გვარამიამ „რუსთავი 2“-ის გასაკოტრებლად გამოიყენა. მისი თქმით, გვარამიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას საეთერო დროის გაყიდვის შესახებ ახალ და სრულიად გამოუცდელ კომპანიასთან „ინტერ მედია პლუსი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გვარამიას ახლობელია.
„არ დავთმობთ ჩვენს არხს“: თბილისსა და ბათუმში „მთავარი არხის“ მხარდამჭერი აქციები გაიმართა>>
მას შემდეგ, რაც ხალვაშმა სასამართლო დავა დაიწყო ტელეკომპანიის აქციების გამო, „რუსთავი 2“ გვარამიას ხელმძღვანელობით აღარ იხდიდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ფულს გაყიდული რეკლამისთვის. ეს სახსრები რჩებოდა გვარამიას უახლოესი მეგობრის კომპანიაში, რამაც „რუსთავი 2“-ს არსებითი ზარალი მიაყენა.
„ამ ყველაფრის მიზანს კი წარმოადგენდა, ერთი მხრივ, „რუსთავი 2“-სთვის მაქსიმალური ფინანსური ზიანის მიყენება და, მეორე მხრივ, მისი მეგობრის კომპანიის მეშვეობით უკანონო სარგებლის მიღება“, – აღნიშნა პროკურორმა.
გუბელაძის თქმით, ამ მოქმედებით ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ 6.763.509 ლარი მიითვისეს, რათა „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შემთხვევაში ტელეარხი სრული ბანკროტი ყოფილიყო.
აქ პროკურორმა მნიშვნელოვანი დეტალი გამოყო. მას შემდეგ, რაც გვარამიამ და დამენიამ „რუსთავი 2“-ის კუთვნილი დიდი თანხა გაფლანგეს „ინტერ მედია პლუსის“ სასარგებლოდ, „ინტერ მედია პლუსის“ დამფუძნებელმა, გვარამიას დავალებით, დივიდენდების დიდი ნაწილი გვარამიას ახლობლებს გადასცა.
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო, 1920, 18.05.2022
წულუკიანი: გვარამიას „რუსთავი 2“-ის გაკოტრება სურდა
ამ ფულით 2016–2017 წლებში შეიძინეს ძვირადღირებული მოძრავი და უძრავი ქონება თბილისის პრესტიჟულ რაიონებში.
კერძოდ, 170 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე, 75 ათასი დოლარის ღირებულების ბინა ჭავჭავაძის გამზირზე და 95 ათასი დოლარის ღირებულების – ათონელის ქუჩაზე.
უძრავი ქონების გარდა, გვარამიასთან დაკავშირებულმა პირებმა აღნიშნულ პერიოდში შეიძინეს 352.260 ლარის ღირებულების ძვირადღირებული ავტომობილები – GRAND CHEROKEE, HONDA, TOYOTA და FIAT.

„აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ნიკა გვარამიამ მილიონობით ლარი ტელეკომპანია „რუსთავი-2“-დან გადაიტანა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში – „ინტერ მედია პლუსში“, რათა ეს თანხები შემდგომში გამოეყენებინა პირადი და მასთან დაკავშირებული პირების სარგებელისთვის“, – განაცხადა პროკურორმა.

მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“ თავის კანონიერ მფლობელს ფაქტობრივად სრულად გაკოტრებული დაუბრუნდა, დასძინა მან.
რაც შეეხება კიდევ ერთ ეპიზოდს, პროკურორის თქმით, ის ასევე ეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
კერძოდ, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ მეუღლესთან ერთად „პორშეს“ ცენტრში თავისთვის და თავისი ოჯახისთვის შეარჩია 76,7 ათასი ევროს ღირებულების Porsche Macan კომპანიის სარეკლამო რგოლების „რუსთავი 2“-ის ეთერში განთავსების სანაცვლოდ.
„იმის ნაცვლად, რომ რეკლამის ღირებულება შესულიყო „რუსთავი 2“-ში, მან გააფორმა ხელშეკრულება ასევე მასთან დაკავშირებულ კომპანია „პროესკოსთან“... ამ ოპერაციის შედეგად „რუსთავი 2“-ს არ მიუღია არცერთი თეთრი და „რუსთავი 2”-ის მისაღები თანხა „პროესკომ“ გადაიხადა „პორშეს“ შესაძენად“, – განაცხადა პროკურორმა.
კობახიძე გვარამიას დაკავებაზე გამოხმაურებებს მართლმსაჯულების პოლიტიზების მცდელობად აფასებს>>
შესაბამისად, განცხადება, თითქოს ნიკა გვარამია ავტომობილს სამსახურებრივი მიზნით იყენებდა, ტყუილია, განაცხადა გუბელაძემ.
„ვინაიდან ეს მანქანა არ იყო „რუსთავი 2”-ის საკუთრებაში და ეს თვალთმაქცური გარიგება ისევ და ისევ ემსახურებოდა „რუსთავი 2“-სთვის ფინანსური ზიანის მიყენებას და ნიკა გვარამიასთვის პირადი სარგებლის მიღებას“, – განაცხადა პროკურორმა.
აღნიშნული ავტომობილი დღესაც „პროესკოს“ საკუთრებაა და სანამ მას გამოძიება ამოიღებდა, ავტომობილით გვარამია სარგებლობდა, დაასკვნა პროკურორმა.
გვარამია ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
ყველა ახალი ამბავი
0