რა იშოვეს კომერციულმა ბანკებმა? ანუ საბანკო სექტორის სექტემბრის „რთველი“

© photo: Sputnik / Stringerსაბანკო ტერმინალები
საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2022
გამოწერა
საბანკო სექტორის ერთი თვის თავგადასავალი ციფრებში. შემოსავლები, ხარჯები, გაზრდილი წმინდა მოგება. საკრედიტო პორტფელის მიმოხილვა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასება საერთო საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების წილზე.
მრავალჯერ მითქვამს, არ ვარ გუნდიდან − „ვერ აგისრულე, რასაც დაგპირდი“. კარგად ვიცი, გაცემულ პირობას შესრულება უნდა. ღვინობისთვის ბოლო სტატიაში დაგპირდით, უახლოეს დღეებში საბანკო სექტორის ერთი თვის თავგადასავალის თხრობით დაგიბრუნდებოდით. რაკი ოქტომბრის მონაცემები ჯერ უცნობია, მკითხველის ყურადღებას სექტემბრის მაჩვენებლებზე გავამახვილებ. ერთთვიანი ჩამორჩენის მიუხედავად, წინამდებარე სტრიქონები მაქსიმალური სიზუსტით წარმოაჩენს საბანკო სექტორში არსებულ ტენდენციას.
მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები ჯამში 110,0 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,4 პროცენტით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 68,1 მილიარდი ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8,8 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს მთლიანი აქტივების 12,9 პროცენტია.
ლარის კურსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2022
რატომ არ გაძვირდა ლარი?
დარწმუნებული ვარ, არავის გააკვირვებს – კომერციული ბანკების წმინდა მოგება კვლავაც მზარდია. ის მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 67,5 მილიონი ლარით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 64,4 მილიონი ლარით გაიზარდა. ურიგო არ იქნება, თვალი გადავავლოთ კომერციული ბანკების წმინდა მოგების ცვლილების დინამიკას მიმდინარე წლის თვეების მიხედვით.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ 212,695 მილიონი ლარი შეადგინა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. თებერვალში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 90,610 მილიონი ლარი იყო, მარტში − 110,180 მილიონი ლარი, აპრილი კომერციულმა ბანკებმა 109,394 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. მაისში საბანკო სექტორის წმინდა მოგება 159,034 მილიონი ლარი იყო. ივნისში კი მაჩვენებელმა უმნიშვნელოდ დაიკლო და 154,156 მილიონ ლარს გაუტოლდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივლისის თვეში დაფიქსირდა, როდესაც კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ ჯამში 292,462 მილიონი ლარი შეადგინა. აგვისტოში წმინდა მოგებამ კვლავაც მკვეთრად დაიკლო და 168,049 მილიონი ლარი იყო. რაც შეეხება სექტემბრის მაჩვენებელს, ის 235,523 მილიონი ლარია.
იუსტიციის სახლის და ეროვნული ბანკის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეროვნული ბანკი, ანუ გაძვირდება თუ არა ლარი?
ბანალური ჭეშმარიტებაა – შემოსავლების გარეშე მოგება არ იქნება. შესაძლოა, მკითხველმა ირონიული ტონით მიმანიშნოს − ყოჩაღ, საიდან ამდენი ცოდნა?! მოგეხსენებათ, დაცინვას კაცი არ მოუკლავს, ვიცი, გამონაკლისი არც მე ვიქნები და განვაგრძობ თხრობას. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, მიმდინარე წლის სექტემბერში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 666,752 მილიონი ლარი შეადგინა. მათ შორის უდიდესი ნაწილი კი საპროცენტო შემოსავლები იყო − 487,547 მილიონი ლარი. კომერციულმა ბანკებმა ჯარიმა/საურავებიდან ჯამში 6,479 მილიონი ლარის, ხოლო საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 49,363 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. ორიოდე სიტყვა ხარჯებზეც ვთქვათ. მიმდინარე წლის სექტემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 406,866 მილიონი ლარი შეადგინა.
დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად საკრედიტო პორტფელი და მასთან დაკავშირებული დეტალები დაგაინტერესებთ. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 275,52 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1,08 პროცენტით გაიზარდა და ოქტომბრის დასაწყისში ჯამში 42,94 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული კრედიტების მოცულობა 384,81 მილიონი ლარით, 1,67 პროცენტით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 660,33 მილიონი ლარით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე მცირედით, 0,42 პროცენტით გაიზარდა. საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავაც შენარჩუნდა ყველა ტიპის სესხზე საპროცენტო განაკვეთების ზრდის ტენდენცია.
ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2022
რა არის და რა იქნება ხვალ?.. ანუ ფინანსური და ეკონომიკური გათვლები...
როგორია ლარიზაციის კოეფიციენტი? 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებული საკრედიტო რეგულაციების ერთ-ერთი მიზანი, ჭარბვალიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, კომერციულ ბანკებში არსებული დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირებაც იყო. მიმდინარე წლის ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54,68 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0,31 პროცენტით გაიზარდა. ზოგადად, შეიძლება ითქვა, რომ ახალი საკრედიტო წესების შემოღების შემდეგ როგორც ჭარბვალიანობის, ასევე დოლარიზაციის მაჩვენებელმაც დაიკლო.
საკრედიტო ნაწილში სხვა რა ტენდენციები იკვეთება? − შესაძლოა, ჩამეძიოს მკითხველი და საპასუხოდ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის შეფასებას მოვიშველიებ. მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან იპოთეკური დაკრედიტება შემცირებულია, რისი მთავარი ფაქტორი, მისივე განმარტებით, უცხოურ ვალუტაში გასაცემი იპოთეკური კრედიტის მაქსიმალური ვადის ათ წლამდე შემცირებაა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოთხოვნამ დაიკლო ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზეც.
„სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია. ამას ორი მიზეზი განაპირობებს. ერთი ის, რომ აგვისტოში დაკრედიტების საკმაოდ მაღალი ზრდა იყო. მეორე კი ეროვნული ბანკის რეგულაციაა, რომელიც სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ვადის ოთხიდან სამ წლამდე შემცირებას გულისხმობს. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ტენდეცია სტაბილურად რჩება. ამ თვალსაზრისით ჯერ ვერ ვხედავთ, რომ სამომხმარებლოს სესხების შემცირების მიმართულებით გარდამტეხი პროცესი დაიწყო. მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ცვლილებების გამო, რომელიც ქონებით არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებს ეხება, ვფიქრობ, მიმდინარე წელს სამომხმარებლო სესხების ზრდა 15 პროცენტის ფარგლებში იქნება. რეგულაციამდე ჩვენი პროგნოზი ამ მიმართულებით 20 პროცენტს აღემატებოდა“, − განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2022
რამდენია ინფლაცია? ანუ გაძვირებული ცხოვრება ციფრებში
რაკი ყურადღება საკრედიტო პორტფელზე გავამახვილე, აქვე გეტყვით, რომ მსესხებელთა 11,4 პროცენტს ვადაგადაცილება უფიქსირდება. „კრედიტინფოს“ მიმდინარე წლის სექტემბრის სტატისტიკით, 215,909 მსესხებელს ერთი თვიდან სამ წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება. სექტემბრის მდგომარეობით, საფინანსო სექტორის 35,335 მილიარდი ლარის მოცულობის ვალი 1.895.529 ადამიანს აქვს, აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,5 პროცენტი სწორედ საბანკო სექტორზე მოდის. კომერციული ბანკებიდან 32,121 მილიარდი ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1.600.991 მსესხებელს აქვს აღებული. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი სხვა საფინანსო ინსტიტუტების კრედიტორი 694.618 ადამიანია, ხოლო გაცემული კრედიტების მოცულობა 2,774 მილიარდ ლარს შეადგენს. კიდევ 22.469 ადამიანს კი ჯამში 44,204 მილიონი ლარის სესხი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან აქვს აღებული.
საინტერესოა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიცია, როგორია მისი შეფასება საერთო საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების პროცენტულ მაჩვენებელზე.
„ვადაგადაცილებული სესხები ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. თუ საერთაშორისო კლასიფიკაციით შევხედავთ, უმოქმედო სესხების რაოდენობა ისტორიულად დაბალ დონეზეა. საკრედიტო ბიუროდან აღებული მონაცემებით, სიტუაცია არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ადრე იყო, სანამ პასუხისმგებლობიანი დაფინანსების პრინციპები ამოქმედდებოდა. პანდემიამ გამოიწვია გარკვეული ცვლილებები და ზრდა, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით ეს საგანგაშო ნიშნულზეა“, − განაცხადა კობა გვენეტაძემ. მისივე თქმით კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა, ოქტომბრის მდგომარეობით, 414 მილიონ ლარს შეადგენდა.
დღეისათვის სულ ეს იყო. უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ. ოქტომბრის თვის ინფლაციის წლიური მაჩვენებლისა და ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტებისა თუ მომსახურების მიმოხილვით დაგიბრუნდებით...
სამსონ ხონელი
ყველა ახალი ამბავი
0