მთავარია, პური არ გაძვირდეს - სოფლის მეურნეობის მინისტრი

© photo: Sputnikპური დახლებზე
პური დახლებზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2022
გამოწერა
ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკვირდება სიტუაციას ხორბლის ბაზარზე და პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობისთვის მისაღებ, ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, განუცხადა ჟურნალისტებს უწყების ხელმძღვანელმა ოთარ შამუგიამ.
საერთაშორისო ბაზრებზე ხორბალმა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო გაძვირება. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის არ იყო მომგებიანი იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ადგილზე ფქვილის დამზადება. განსაკუთრებით რთულად პროგნოზირებადი გახდა ვითარება ხორბლის ბაზრებზე უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
„ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნა შამუგიამ.
მისი თქმით, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია, მზარდი დინამიკა იყო გაზაფხულიდან ზაფხულის პერიოდამდე. როგორც შამუგიამ აღნიშნა, სამინისტრო არ ჩაერია ამ პროცესში, რადგან ჩარევას, სავარაუდოდ, პურის ფასის გაძვირება მოჰყვებოდა.
„მაქსიმალურად შევძელით, რომ შეგვენარჩუნებინა პურის ფასი. შემდეგ, კლებასთან ერთად დავინახეთ, რომ გარკვეულ კატეგორიაზე 10 თეთრით შემცირდა პურის ფასი“ - თქვა მან.
პურის ზოგიერთმა მწარმოებელმა პურის ფასი სექტემბრის ბოლოს 10 თეთრით შეამცირა. როგორც მაშინ პურის მწარმოებელთა კავშირში განმარტეს, ბაზარზე გამოჩენილმა რამდენიმე ახალმა კომპანიამ დაწია ფასი მომხმარებლის მოსაზიდად. მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაიაფება.
„ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად“, - აღნიშნა შამუგიამ.
საქართველოში პური იაფდება?>>
მინისტრს არ დაუზუსტებია, რა ტიპის ჩარევაზე საუბრობდა.
„ახლა რამე კონკრეტულზე ვერ ვილაპარაკებთ. წლის განმავლობაში გვქონდა კავშირი დარგთან და თქვენთვის ცნობილია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში წისქვილკომბინატები არ მუშაობდნენ, რადგან ხორბლის ფასი გაზრდილი იყო და უფრო კონკურენტუნარიანი იყო ქვეყანაში ფქვილის შემოტანა“, - აღნიშნა შამუგიამ.
ქართულ წისქვილკომბინატებს რთული დრო გასულ ზაფხულს დაუდგათ, რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტზე ცვალებადი ბაჟის მექანიზმის შემოღების შემდეგ. ამიტომ საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა რუსეთიდან ფქვილის შემოტანა, რომლის ექსპორტიც რუსეთში არ იბეგრებოდა. შესაბამისად, ხორბლის იმპორტი 30%-ით შემცირდა. შედეგად თითქმის ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა.
პური შეიძლება გაიაფდეს - ექსპერტის განმარტება>>
„ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა“, - აღნიშნა შამუგიამ.
რუსეთი საქართველოში ხორბლის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. იანვარ-სექტემბრის სტატისტიკით, მეზობელი ქვეყნიდან 49,2 მლნ დოლარის ღირებულების 130,8 ათასი ტონა ფქვილი, ასევე 35,7 მლნ დოლარის ღირებულების 96,6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0