პური შეიძლება გაიაფდეს - ექსპერტის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerპურპროდუქტები
პურპროდუქტები - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
НовостиTelegram
წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი გასულ წელთან შედარებით უკეთესია – 150 ათასი ტონა, საიდანაც 100 ათასი ტონა უკვე აღებულია.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო ბაზრებზე ხორბლისა და ფქვილის ღირებულების შემცირების პირობებში შესაძლოა საქართველოში პური 10 თეთრით გაიაფდეს, განაცხადა „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 2022 წლის აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით, 10,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ერთი წლის მანძილზე პურსა და პურპროდუქტებზე ფასები 34,2%-ით გაიზარდა. პურის გაძვირება ბოლოს მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა. ყველაზე მოთხოვნად სოციალურ პურში მოსახლეობა 1,2 ლარს იხდის.

„მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მეტი პროდუქცია გაყიდოს. ამიტომაც შესაძლებელია, რომ მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ – 10 თეთრის ფარგლებში“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ახლა ხორბლის მოსავლის აღების პერიოდია და ამ დროს უნდა მოხდეს ფასების სტაბილიზაცია, რომელმაც, წესით, უნდა დაიკლოს.
„შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, მსოფლიო ბირჟებზე ხორბლის ფასი იყო 500 დოლარი, ასევე მოქმედებდა მცოცავი საბაჟო გადასახადი და ძალიან მოიმატა ფასმა. წელს მარცვლეული 340 დოლარი ღირს“, – განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის განმარტებით, დღეისათვის 1 ტონა ფრანგული ხორბალი 345 დოლარი ღირს, ამერიკული – 346 დოლარი, რუსული – 347 დოლარი.
გარდა ამისა, რუსეთში მარცვლეულზე მცურავმა ბაჟმა დაიკლო, რამაც კვლავ აქტუალური გახადა ხორბლის შესყიდვა და წისქვილკომბინატებს საქმიანობის განახლების შესაძლებლობა მისცა.
როდის ამუშავდება საქართველოში მსხვილი წისქვილკომბინატები?>>>
ამასთან, წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი გასულ წელთან შედარებით უკეთესია – 150 ათასი ტონა, საიდანაც 100 ათასი ტონა უკვე აღებულია.
„იმედი გვაქვს , რომ ამუშავდება ადგილობრივი წისქვილკომბინატებიც. მცირე წისქვილები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ფქვილზე კონკურენციაც. კონკურენცია კი ფასების კლებას იწვევს“, – აღნიშნა მან.
დღეს ერთი ტომარა ფქვილის ფასი 76-77 ლარს შეადგენს.
ბოლო დაახლოებით ორ თვეში საქართველოში პური უკვე გაძვირდა 10 თეთრით და საწარმოებში 95 თეთრიდან 1,20 ლარამდე ღირს. მაღაზიებში ფასნადები 30-40 თეთრია, ზოგიერთ სავაჭრო ობიექტში კი 50 თეთრიც.
ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო. ამიტომ ქართული წისქვილკომბინატებისთვის მომგებიანი აღარ იყო იმპორტირებული ხორბლის გადამუშავება და ფქვილის ადგილზე წარმოება.
მას შემდეგ, რაც 2021 წლის ზაფხულში ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბაზრებზე მატება დაიწყო და რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მოძრავი ბეგარა დააწესა, საქართველომ რუსეთიდან ხორბლის იმპორტი შეამცირა და გაზარდა ფქვილის იმპორტი, რომლის ექსპორტსაც რუსეთი არ ბეგრავს. შესაბამისად, გასულ წელს ხორბლის იმპორტის 30%-ზე მეტით შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ქვეყნის წისქვილების უმეტესობამ მუშაობა შეწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0