„უთხარი „არა“ ტყვიით მოწამვლას“ - საქართველო კვირეულს შეუერთდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2022
გამოწერა
კვირეულის ფარგლებში ორგანიზაციები აღნიშნულ თემაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებს მართავენ.
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კვირეულს სლოგანით „უთხარი „არა“ ტყვიით მოწამვლას“ საქართველოც შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ტყვიით მოწამვლის პრევენციის საერთაშორისო კვირეული 23-29 ოქტომბერს იმართება და მისი მიზანია ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ძალისხმევის მობილიზება ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციის თავიდან ასარიდებლად.
2017 წელს გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს ტყვიის შემცველი საღებავების სრულ ამოღებას. ორგანიზაციაში დარწმუნებული არიან, რომ ტყვიის შემცველი საღებავების სრული აღმოფხვრით მნიშვნელოვნად შემცირდება საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და დაბინძურებული ჰაერით, წყლით და ნიადაგით გამოწვეული სიკვდილისა და დაავადების შემთხვევები.
ტყვიით ინტოქსიკაციის პრევენციის საერთაშორისო კვირეული ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ეგიდით ტარდება.
რას ვჭამთ: ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობა აღმოაჩინეს>>>
აღნიშნული კვირეული აშშ-ის სენატმა 1999 წელს შემოიღო და ის ყოველწლიურად ოქტომბრის ბოლო კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ პერიოდში მრავალი ორგანიზაცია სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ღონისძიებას ატარებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ ტყვიის ზემოქმედების გამო 2017 წელს მსოფლიოში მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ტყვიით მოწამვლა საქართველოში
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ამჟამად უწყება მუშაობს ყოვლისმომცველ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც მიმართულია ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედების აღმოფხვრისკენ. ეს ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურებული წყაროების კვლევას. სპეციალისტთა კვლევების მიხედვით, ტყვიის შემცველობის განსაკუთრებით მაღალი დონე დაფიქსირდა ქვეყნის ოთხ რეგიონში – აჭარიაში, გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.
2020 წელს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდისგან მიიღო სპეციალური ლაბორატორიული მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სისხლში, წყალში, საკვებში და ა.შ. ტოქსიკური ლითონის შემცველობის გამოსავლენად.
მოწყობილობა საქართველოში ტყვიის წყაროების შესწავლის მიზნით იქნა შეძენილი.
მანამდე, 2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობაზე ორიდან შვიდ წლამდე ბავშვების გამოკვლევა დაიწყეს. ბავშვები შემთხვევითობის პრინციპით შეარჩიეს. სულ გამოიკვლიეს 1,6 ათასი ბავშვი. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვების 25%-ში ტყვიის შემცველობა მცირედ მომატებულია, ხოლო 16%-ში მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელია.
ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0