რას ვჭამთ: ქართულ სუნელებში ტყვიის შემცველობა აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Stringerქართული სანელებლები
ქართული სანელებლები - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2022
გამოწერა
სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ჩატარებას სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის ივლისში მოეწერა.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოავლინა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტომ მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათში, სასმელ წყალსა და ალკოჰოლურ სასმელებში ტყვიის შემცველობის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია ცხოველური წარმოშობის სურსათის, მათ შორის, ჩვილისა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის 250-ზე მეტი ნიმუში, სასმელი წყლის 142 და ალკოჰოლური სასმელის 25 ნიმუში/სინჯი, რომელთაგან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, აღებული 197 ნიმუშიდან დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა:
წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში): ნიმუშის აღების ადგილი - თბილისი, ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორია;
მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში): ნიმუშის აღების ადგილი - ბათუმი, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;
წითელი წიწაკა (1 ნიმუში): ნიმუშის აღების ადგილი - ქობულეთი, აგრარული ბაზრის ტერიტორია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატარა.
საქართველოში მოქალაქეების ტყვიით ინტოქსიკაციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები გრძელდება.
მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ისე მცენარეული წარმოშობის (374) სულ 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლური სასმელის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.
ჩინური წარმოების კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის შემცველობა აღმოაჩინეს>>>
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების, ბიზნეს-ოპერატორებთან რეგულარული კომუნიკაციისა და გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად სურსათში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება. 2017 წელს სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან ნორმასთან შეუსაბამობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა.
სუნელებში ტყვიის შემცველობაზე კვლევების ერთობლივად ჩატარებას სამხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა (NCDC) და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობას (UNICEF) შორის 2022 წლის 14 ივლისს გაფორმდა.
უფრო ადრე გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევარებმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საშიში ლითონის შემცველობა ბავშვების 41%-ში გამოვლინდა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება იყო ამ კუთხით აჭარაში.
ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0