ჩინური წარმოების კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის შემცველობა აღმოაჩინეს

© Tbilisi City Hallჰიპერმარკეტი "დომინო"
ჰიპერმარკეტი დომინო - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2022
გამოწერა
სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს აღნიშნული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. ჩინური წარმოების კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის შემცველობის აღმოჩენის გამო ჰიპერმარკეტ „დომინოს" აღნიშნული პროდუქციის ქსელიდან ამოღება დაევალა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 25 ივლისს ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების (He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD) კერამიკულ თეფშებში (საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან) ტყვიის შემცველობა (1,5+/-0,4 მგ/დმ2).

„საქართველოში აღნიშნული პროდუქციის – Ambition Junior-ის თეფშების (დიამეტრი-19 სმ, რაოდენობა-144, პარტიის ნომერი-281799BB) მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“. აღნიშნული პროდუქცია სავაჭრო ჰიპერმარკეტ „დომინოში“ იყიდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო მოუწოდებს იმ მომხმარებელს, ვისაც უკვე შეძენილი აქვს აღნიშნული ჭურჭელი, მისი გამოყენებისგან თავი შეიკავოს.
უწყებამ აღნიშნული ფაქტის შესახებ იმპორტიორს წერილობით აცნობა და მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით თეფშების დასახელებული პარტიის ამოღება დაავალა.
საქართველოში მოქალაქეთა ტყვიით ინტოქსიკაციის წინააღმდეგ ღონისძიებები ტარდება.
გაეროს ბავშვთა ფონდის მკვლევარებმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს. ორგანიზაციის კვლევის მონაცემების თანახმად, საშიში მეტალი გამოვლინდა ბავშვების 41%-ის სისხლში. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარაში.
ტყვიის აღმოჩენა, თუ ის ადამიანის ორგანიზმშია, შეიძლება სისხლსა და შარდში. გარდა ამისა, ის გროვდება ადამიანის ძვლებში, თმებსა და კბილებში.
ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ტყვიის მინიმალური კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში დადგენილი არ არის. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, თუ ქვეყნის მცხოვრებთა ორგანიზმში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5-დან 10 მკგ-ს დეცილიტრზე, საჭიროა სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0