„ხალხის ძალა“ ფართოვდება - მოძრაობას ჩინოვნიკები და დეპუტატები შეუერთდნენ

© courtesy of Sozar Subariსოზარ სუბარი
სოზარ სუბარი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები მთავარ საფრთხედ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას მიიჩნევენ.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ 200-მდე ახალი წევრი – საკრებულოს დეპუტატები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები შეემატა.
„ხალხის ძალა“ აგვისტოს დასაწყისში პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა დააარსეს. აღნიშნულმა პირებმა მანამდე „ქართული ოცნება“ დატოვეს, რათა, როგორც მათ განმარტეს, თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ისე, რომ პარტია, რომელსაც ბევრ საკითხში უჭერენ მხარს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და საჯარო განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას“, – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების განმარტებით, მთავარი საფრთხე დაკავშირებულია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობასთან.
„ჩვენი უპირველესი ამოცანა სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილება იყო. ამის გაკეთება კი ერთადერთ ძალას – სწორად და დროულად ინფორმირებულ ხალხსა და მის გადაწყვეტილებებს შეეძლო. ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ (საზოგადოებასთან ერთად) წარმატებით შეასრულა, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„არაადეკვატური პიროვნებაა": საქართველოში არესტოვიჩის განცხადებები შეაფასეს>>>
„ხალხის ძალამ“ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. მოძრაობის წევრებმა ისინი შეაფასეს როგორც მუქარა და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები.
„უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ მუქარაზე გადავიდნენ, რომ მზად არიან საქართველოში ხელისუფლება იარაღის ძალით შეცვალონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრორუსულია, არ შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება და მათ გაანადგურეს ყველაფერი, რაც ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა.
„ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა“, – განაცხადა არესტოვიჩმა და დასძინა, რომ მილიონი უკრაინელი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც მან აღნიშნა, საუბარია მშვიდობისმყოფელებზე, სტაბილიზაციურ და ჰუმანიტარულ ოპერაციებზე, რათა „ყველაფერი წესრიგში იყოს“.
დეპუტატები: აშშ საქართველოში საკუთარი ინტერესების განხორციელებაზე მილიარდებს ხარჯავს>>>
ქართველი დეპუტატების განმარტებით, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ „საქართველოში ხელისუფლების იარაღით შეცვლისკენ მსგავსი მოწოდება რამდენიმე კვირის წინ ამერიკელი კონგრესმენის, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ადამ კინზინგერისგანაც მოვისმინეთ“, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა კი ეს მოწოდება შეაფასა როგორც გამოხატვის თავისუფლება.
პარლამენტის დეპუტატებმა უყურადღებოდ არ დატოვეს არც უკრაინის მიერ საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის – მისი ძმის ალექსანდრე ივანიშვილის და მისი მეუღლის ქეთევან ხარაიძის, დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილისა და მისი ვაჟის ტიტე მამაცაშვილის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.
„ხალხის ძალამ“ უკრაინის ამ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის, რომ „ქართველმა ხალხმა და ხელისუფლებამ ერთობლივად აღკვეთეს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობები“.
როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს, ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთი გზა საზოგადოების სიმართლითა და საჭირო ინფორმაციით აღჭურვაა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0