პაპუაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიმართა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2022
გამოწერა
სააკაშვილის, როგორც პოლიტპატიმრის ხსენება ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს, მიუთითებს შალვა პაპუაშვილი.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხსენება ცვლის რეზოლუციის არსს და ძირს უთხრის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ავტორიტეტს, ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიმართვაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ტინი კოქსის მიმართ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა და მისი გათავისუფლება მოითხოვა. შესწორება რეზოლუციის ძირითად ტექსტში, სადაც სააკაშვილია ნახსენები, ინიცირებული იყო „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატების მიერ, რომლის ნაწილიცაა ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ დამატებაში მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება (ა) ცვლის რეზოლუციის არსსა და სულისკვეთებას; და (ბ) ძირს უთხრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფასეულობებს და ორგანიზაციის სანდოობას ევროპის მასშტაბით ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში“, – ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ასზე მეტი გადაწყვეტილება გამოიტანა, მათ შორის იყო 13 საქმე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის კონვენციის მეორე მუხლზე (სიცოცხლის უფლება), 34 საქმე მესამე მუხლზე (წამების აკრძალვა), 15 საქმე მეხუთე მუხლზე (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და 44 საქმე მეექვსე მუხლზე (სამართლიანი სასამართლოს უფლება).
„მეტიც, სასამართლო ალექსანდრე გირგვლიანის მკვლელობის საქმეში (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბ-მა სააკაშვილმა ხელი შეუშალა ეფექტიან გამოძიებას და სათანადო სასჯელის დაკისრებას“, – აღნიშნულია პაპუაშვილის მიმართვაში.
საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც 2004-2012 წლებს ეხება და რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს ყოფილმა კომისარმა და საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებების თაობაზე ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა 2013 წელს მოამზადა, წარმოადგენს სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნული კონვენციით დაცული უფლებების სისტემატური დარღვევის მტკიცებულებას.
„ეს არის სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე>>
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მასში იდენტიფიცირებულია საგანგაშო სიტუაცია სასამართლო, სასჯელაღსრულების, სამართალდამცველ სფეროებში, უმცირესობის უფლებების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დაცვის, სოციალური სამართლიანობის მიმართულებებში.
პაპუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ორ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და სამი განხილვის პროცესშია.
გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი განაცხადა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის მიერ სააკაშვილის მოპყრობის საქმის განხილვაში მიღებაზე.
„სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნულ საქმეში არ არსებობდა „განსაკუთრებული გარემოებები“, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ადამიანის უფლებებთან და რომელიც მოითხოვდა სასამართლოსგან საქმის შესწავლის გაგრძელებას. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები სასჯელაღსრულების სისტემაში სრულად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად არის დაცული“, – ნათქვამია მიმართვაში.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს 2012 წლიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კარგი ისტორია აქვს. ქვეყანა ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან მის მიერ გამოტანილი განაჩენების აღსრულების საქმეში.
იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილს სხვა სახელმწიფოს ვერ გადავცემთ>>
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის, 2004-2012 წლებთან შედარებით, 2013-2021 წლებში 5,5-ჯერ შემცირდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი საქმეები, რაც წარმოადგენს ქართული სასამართლოებისადმი გაზრდილი სანდოობის, მათი დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის შედეგს, აღნიშნა პაპუაშვილმა.
„აღნიშნულის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებში არ არსებობს პოლიტიკური მოტივაციის არანაირი მტკიცებულება, გარდა პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი სპეკულაციებისა“, – ნათქვამია მიმართვაში.
შესაბამისად, რეზოლუციის მეოთხე დამატებაში გამოყენებული ჩანაწერი წარმოადგენს საქართველოს სამართლის სისტემის დაუსაბუთებელ კრიტიკას, საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წინააღმდეგ იწვევს გაუმართლებელ ეჭვს და ძირს უთხრის საქართველოს მიერ 2012 წლიდან მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებში, აღნიშნა პაპუაშვილმა.

„და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, სააკაშვილის შესახებ უსაფუძვლო ჩანაწერი აზიანებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას ქართულ საზოგადოებაში და აფერხებს ჩვენს მცდელობებს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების შესაბამისი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგისადმი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაში.

საგარეო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ უფრო ადრე განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეცდომებით არის სავსე, რადგან ქვეყნის კანონების დამრღვევს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტიკური პატიმარი.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0