„ეს არის სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა" - პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2022
გამოწერა
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართულ სახელმწიფოზე პირდაპირი თავდასხმა უწოდა და აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არასოდეს დაუჭერს მხარს მსგავს დოკუმენტს.
გასულ კვირაში PACE-მ მიიღო რეზოლუცია, სადაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნახსენებია როგორ პოლიტპატიმარი, და მისი გათავისუფლება მოითხოვა. რეზოლუციის ძირითადი ტექსტის შესწორება, რომელშიც სააკაშვილია ნახსენები, ინიცირებულია „ევროპის სახალხო პარტიის“ დეპუტატების მიერ, რომლის ნაწილსაც ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს.

„ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება, ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი. რა ტექსტიც არ უნდა იყოს, რაც უნდა ეწეროს შიგნით, როდესაც ხდება თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე და ქართველ ხალხზე, მას ჩემი და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია სავსეა შეცდომებით, რადგან კანონდამრღვევ პირს არ შეიძლება ეწოდოს პოლიტპატიმარი.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
ყველა ახალი ამბავი
0