SOS: საქართველოში ქალების ოჯახური ძალადობისგან დასაცავად მობილური აპლიკაცია ინერგება

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2022
გამოწერა
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა უწყების წარმომადგენელმა
თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს შეუძლიათ არამარტო დარეკონ 112-ზე მუქარის შემთხვევაში, არამედ გამოიყენონ SOS მობილური აპლიკაცია - ჩუმი განგაშის ღილაკი, განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ოსაძემ.
ბოლო დროს საქართველოში ფემიციდის ფაქტები გახშირდა. მხოლოდ გასულ კვირაში ძალადობას სამი ქალი ემსხვერპლა. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 26 წლის ქალი, სამი შვილის დედა. გამოძიების მონაცემებით, ქმარმა მას ყელი გამოჭრა. ინციდენტი ბავშვების თვალწინ მოხდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სასამართლოზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ „ნანობს რომ ეს სისულელე ჩაიდინა“.
„ეს რის SOS ღილაკი, აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირდება ნებისმიერ სმარტფონში და თითოეულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლენის შემთხვევაში პირდაპირი ზარის განხორციელების გარეშე, თითის დაჭერით ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია 112-ს, რა დროსაც 112-ის ოპერატორს მიეწოდება შესაბამისი კოორდინატები“, – განაცხადა ოსაძემ „პირველი არხის“ ეთერში.
აპლიკაცია გეოლოკაციის მეშვეობით დაზარალებულის ადგილმდებარეობას ავტომატურად დაადგენს.
დეპარტამენტის უფროსის თქმით, ასევე მოქმედებს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა, ე.წ სამაჯური, რაც მსხვერპლის თანხმობის შემთხვევაში შემაკავებელ ორდერთან ერთად მოქმედებს და მოძალადის მსხვერპლთან მიახლოების გაკონტროლების საშუალებას იძლევა, თუმცა მსხვერპლები ხშირად უარს აცხადებენ მის გამოყენებაზე.
ოსაძის თქმით, შსს-სთვის ქალთა მიმართ და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს შეტყობინება ძალადობის ფაქტის შესახებ.
შსს უკომპრომისოდ ებრძვის ოჯახურ ძალადობას - დარახველიძე >>
„აქ ძალიან კრიტიკულია დროული მომართვა, რადგან როდესაც პოლიციას აქვს დროული ინფორმაცია, ეს საშუალებას გვაძლევს, პოლიციის მხრიდან რეაგირება იყოს ოპერატიული, სწრაფი და რაც მთავარია, ეფექტიანი“, – განაცხადა ოსაძემ.
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია ქალის მკვლელობის 129 მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
ყველა ახალი ამბავი
0