შსს უკომპრომისოდ ებრძვის ოჯახურ ძალადობას - დარახველიძე

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიციის შენობა
საპატრულო პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
ბოლო დროს ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ფემიციდის ფაქტები.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, განაცხადა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
ბოლო დროს საქართველოში ფემიციდის ფაქტები გახშირდა. მხოლოდ გასულ კვირაში ძალადობას სამი ქალი ემსხვერპლა. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 26 წლის ქალი, სამი შვილის დედა. გამოძიების მონაცემებით, ქმარმა მას ყელი გამოჭრა. ინციდენტი ბავშვების თვალწინ მოხდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მამაკაცი ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს, მაგრამ სასამართლომ ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„ეს იყო უმძიმესი ფაქტები, რომლებსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს ეფექტიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა სამართალდამცველი უწყება უკომპრომისო ბრძოლას ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, – განუცხადა დარახველიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სისხლის სამართლის პოლიტიკა იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსგავს დანაშაულს სჩადიან, უმკაცრესია.
„თუმცა იმისათვის, რომ ბრძოლა იყოს ეფექტური, აუცილებელია, რომ თითოეული უწყება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, იყოს სათანადოდ მოტივირებული და იღებდეს ეფექტურ ღონისძიებებს ამ დანაშაულის მიმართ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მნიშვნელოვანია ასევე საზოგადოების ჩართულობა, რათა დროულად მოხდეს პოლიციის ინფორმირება იმისთვის, რომ „ჩანასახშივე ვებრძოლოთ ამ დანაშაულს“, აღნიშნა მან.
ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კანონმდებლობის გადახედვა. მისი თქმით, კანონის გამკაცრების წყალობით, მათ შორის აღსრულების თვალსაზრისით, ქვეყანაში სამჯერ შემცირდა ფემიციდის შემთხვევები.
ძალადობა ქალების მიმართ - საქართველოში შესაძლოა კანონმდებლობა გაამკაცრონ >>
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია ქალის მკვლელობის 129 მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0