როდის ეყოლება ანაკლიის პორტს ახალი ინვესტორი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaანაკლიის პორტი
ანაკლიის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2022
გამოწერა
ინვესტორისთვის მთავარი პირობა იქნება, რომ ის არ მოითხოვს გარანტიას სახელმწიფო მხრიდან ტვირთბრუნვაზე.
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ახალი ინვესტორი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დააფინანსებს, უკვე მომავალ წელს გამოვლინდება, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის შეჩერდა. ხელისუფლებამ 2020 წლის იანვარში გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რადგან მიიჩნია, რომ ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. მას შემდეგ ხელისუფლება ახალ ინვესტორს ეძებს.

„ახლა ანაკლიის განვითარების სააგენტო ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას, რომელიც მთავრობას ახალი ტენდერის გამოცხადებაში დაეხმარება. მე დარწმუნებული ვარ, მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება ახალი ინვესტორის მოძიება“, – განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ტენდერის პირობები ცნობილი უკვე 2023 წლის დასაწყისში იქნება და მთავარი პირობა ინვესტორისთვის იქნება ის, რომ ინვესტორი არ მოითხოვს გარანტიას სახელმწიფო მხრიდან ტვირთბრუნვაზე.
„ეს იქნება შეუძლებელი, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ტვირთის მოძრაობაზე ანაკლიის პორტში, სწორედ ამიტომ არის საჭირო კერძო ინვესტორი და აქ სახელმწიფოს მონაწილეობა უნდა იყოს მინიმალური. კერძო სექტორმა უნდა მოიზიდოს ის ტვირთი, რომელმაც უნდა ამუშაოს ეს პორტი“, – განმარტა კაკაურიძემ.
მან არ გამორიცხა ხარჯი სახელმწიფო მხრიდან რკინიგზისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მხრივ.
საუკუნის პროექტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ანაკლიის პორტის მშენებლობით მსხვილი ინვესტორები დაინტერესდნენ>>
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაჩქარება გადაწყვიტა>>
უკვე 2020 წლის ზაფხულში კონსორციუმმა პროექტის ერთ-ერთ უცხოელ ინვესტორთან ბობ მაიერთან ერთად შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლოებში მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური ზარალის ანაზღაურებისა და შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნით.
საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი არ მიატოვა და მის განხორციელებას პრიორიტეტად მიიჩნევს, ამიტომ საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტის პარალელურად ანაკლიის განვითარებისა და პორტის მშენებლობის შესახებ არაერთი დამატებითი კვლევა ჩაატარა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0