ანაკლიის პორტის მშენებლობით მსხვილი ინვესტორები დაინტერესდნენ

© photo: Sputnik / Stringerანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2022
გამოწერა
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაცია დაგვეხმარება, რომ პროექტის განვითარებისთვის „სწორი პარტნიორი" შევარჩიოთ, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტით მსხვილი ინვესტორები დაინტერესდნენ, მათ შორის, სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, მაგრამ შემდეგ ის შეჩერდა. ხელისუფლებამ 2020 წლის იანვარში გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", რადგან ინვესტორმა ფინანსური ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

„მიმდინარე წელს გვქონდა არაერთი შეხვედრა, მათ შორის ეს იყო ძალიან მსხვილი აბუ-დაბის პორტების წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელიც ადგილზე გაეცნო პროექტს. დღესაც გვაქვს სპარსეთის ყურის რამდენიმე დელეგაციასთან შეხვედრები და განხილვები", – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ასევე იყო ვიზიტების მთელი რიგი ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებიც ასევე დაინტერესდნენ ანაკლიის პორტით, მით უმეტეს, რომ საპორტო ინფრასტრუქტურა სწორედ „შუა დერეფნის" ინტერესებს ემსახურება.
„ვფიქრობთ, დღეს ხელთ გვიჭირავს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სწორად ჩამოვაყალიბოთ პირობები და ასევე შევარჩიოთ სწორი პარტნიორი პროექტის განვითარებისთვის", – აღნიშნა დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობამ ორშაბათს ეკონომიკის სამინისტროს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს უფლება მისცა, გამოაცხადონ ინტერესთა გამოხატვა პორტის აშენების მსურველი ინვესტორის შერჩევასთან დაკავშირებით.
კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს: პროექტის იდენტიფიცირება, ინიცირება, მომზადება, კერძო პარტნიორის შერჩევა, განხორციელება და პროექტის განხორციელების შემდგომი შეფასება. ამჟამად იდენტიფიცირების და ინიცირების ეტაპები გავლილია.
როგორც მინისტრმა განაცხადა, შესაძლებელია პროცესის დაჩქარება და პირდაპირ კერძო პარტნიორების შერჩევის ეტაპიდან დაწყება.
შერჩევის პირობების მაღალ დონეზე მომზადების უზრუნველსაყოფად მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკის სამინისტროს მიეცა საშუალება დაექირავებინა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი.
ამავე დროს, მაღალი დონის საპროექტო სამუშაოები უკვე ჩატარდა, მათ შორის ცნობილი ჰოლანდიური კომპანია MTBS-ის მიერ. მსოფლიოში არსებული ახალი გარემოებებისა და პროცესების გათვალისწინებით, კომპანიამ განაახლა მანამდე არსებული კვლევები, მოამზადა კვლევა საქართველოს საპორტო სექტორის შესახებ, ასევე რეკომენდაციები.
საუკუნის პროექტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების დაჩქარება გადაწყვიტა>>
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი". „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
უკვე 2020 წლის ზაფხულში კონსორციუმმა პროექტის ერთ-ერთ უცხოელ ინვესტორთან ბობ მაიერთან ერთად შეიტანა სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლოებში მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური ზარალის ანაზღაურებისა და შეწყვეტილი ხელშეკრულების აღდგენის მოთხოვნით.
საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი არ მიატოვა და მის განხორციელებას პრიორიტეტად მიიჩნევს, ამიტომ საარბიტრაჟო დავების გადაწყვეტის პარალელურად ანაკლიის განვითარებისა და პორტის მშენებლობის შესახებ არაერთი დამატებითი კვლევა ჩაატარა.
ეწვიეთ„Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0