რა აწუხებს ბიზნესს საქართველოში - ბიზნეს-ასოციაციის ახალი კვლევა

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2022
გამოწერა
საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი 2022 წლის მესამე კვარტალში ყველა სექტორისთვის დადებითია.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ქართველმა მეწარმეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში 2022 წლის მესამე კვარტალში არსებული ბიზნეს-კლიმატი, თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და უახლოესი ნახევარი წლის მოლოდინები, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.
საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაარსდა და აერთიანებს ქვეყნის 70-ზე მეტ წამყვან კომპანიას, მათ შორის ბანკებს, გასამართი სადგურების ქსელებს, სააფთიაქო ქსელებს, სამშენებლო კომპანიებს, საკომუნიკაციო კომპანიებს, ასევე დიდი სუპერმარკეტების ქსელებს.

„რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, 2022 წლის III კვარტალში მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის... სექტორებს შორის ყველაზე ოპტიმისტური მოლოდინი მომსახურების სექტორში ფიქსირდება“, – ნათქვამია კვლევაში.

ასოციაციის წევრი კომპანიები გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მიმდინარე წლის 29 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე პერიოდში.
კვლევაში BAG-ის წევრი კომპანიები ოთხ სექტორად არის დაყოფილი: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.
2022 წლის მესამე კვარტალში საქმიანი კლიმატის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. ეს მაჩვენებელი მეორე კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა მრეწველობის, მშენებლობისა და მომსახურების სფეროებში, ხოლო ვაჭრობის სფეროში გაუარესდა.
BAG-ის კვლევა: საქართველოში ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი>>
ამავე დროს ყველაზე დადებითი შეფასება მიიღო ვაჭრობის სექტორმა, რაც შეიძლება გაზრდილ გაყიდვებს უკავშირდება, რაც ამ სექტორში მომუშავე კომპანიების 68,3%-ში შეინიშნება.
მოსახლეობის დასაქმება
BAG-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 27% ამბობს, რომ დაქირავებულთა რაოდენობა წინა კვარტალთან შედარებით იზრდება, ხოლო შტატების შემცირებაზე მხოლოდ 5% საუბრობს.
კომპანიების უმეტესობა (68%) აცხადებს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა.
გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 32% ვარაუდობს, რომ 2022 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის. მომდევნო კვარტალში პერსონალის შემცირებას 5% გეგმავს. კომპანიების უმეტესობა არ აპირებს დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას.
რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობის დონე საქართველოში>>
დასაქმების კუთხით ყველაზე დადებითი მოლოდინი სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა. გამოკითხული კომპანიების ნახევარი თანამშრომლების შტატის გაზრდას აპირებს.
რა უშლის ხელს ბიზნესს
კვლევაში აღნიშნულია, რომ წინა კვარტალთან შედარებით 11%-ით შემცირდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებობს მათი საქმიანობის შემაფერხებელი ფაქტორები. ამავე დროს, ასეთი კომპანიების რაოდენობა 19%-ით შემცირდა 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.
საქართველოში ბიზნესის შემაფერხებელი ხუთი ძირითადი მიზეზი (მესამე კვარტალში):
ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა,
სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები,
სპეციალისტების ნაკლებობა
სამუშაო ძალის დეფიციტი,
შეზღუდული ფინანსური რესურსები.
ხელმისაწვდომობა ფინანსებზე
გამოკითხული კომპანიების 50% (6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წლის მეორე კვარტალში) მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფინანსების მოძიებას ცდილობდა. მათგან 30%-მა განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემას წარმოადგენს.
ამასთან, კომპანიების უმეტესობამ განაცხადა, რომ ისინი ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან.
ლარის კურსი
2022 წლის მესამე კვარტალში, მეორე კვარტალთან შედარებით, გაორმაგდა (56%-მდე) იმ კომპანიების წილი, რომლებიც უახლოეს ნახევარ წელიწადში დოლარის მიმართ ლარის კურსის გაუფასურებას ელოდებიან.
ამასთან, შემცირდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც უახლოეს ექვს თვეში ლარის კურსის გამყარებას ელოდებიან. წინა კვარტალში ასეთი აზრი ჰქონდა გამოკითხულთა 20%-ს, მესამეში – მხოლოდ 6%-ს.
ამჟამად ლარის გაცვლითი კურსი მერყეობს 2,79 GEL/$1-ის დონეზე.
საქართველოს ახალი რეკორდი - ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა>>
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციისთვის ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს 26 აუქციონი ჩაატარა, რომლებზეც 873,2 მლნ დოლარი გაყიდა. 2021 წელს რეგულატორმა 332,9 მლნ დოლარი გაყიდა ცხრა აუქციონზე, 2022 წლის განვლილ პერიოდში კი გაყიდა 93,8 მლნ დოლარი და იყიდა 80 მლნ დოლარი.
2022 წლის მარტის პირველი რიცხვებისთვის ლარის კურსი 3,4 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა, მაგრამ შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის ზრდამ დოლარის მიმართ ამ პერიოდში 20,3% შეადგინა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მანამდე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პროცენტულ განაკვეთს.
ეროვნული ბანკი 2020 წლიდან ინტერვენციისთვის იმ ვალუტას იყენებს, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან კრედიტებისა თუ გრანტების სახით კორონავირუსის პანდემიის შედეგების აღმოსაფხვრელად იღებდა და იღებს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0