ძალადობა ქალების მიმართ: „საქსტატი“ კვლევას ატარებს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.10.2022
გამოწერა
მიმდინარე წლის ორ თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4400 რესპონდენტი გამოიკითხება
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის ოქტომბერ-ნოემბრის პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნულ გამოკვლევას ჩაატარებს.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ამ პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით 4400 რესპონდენტი გამოიკითხება.
გამოკვლევის მიზანია 15-69 წლის ასაკის ქალებისა და მამაკაცების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ფინანსური მდგომარეობა და სამუშაოსთან დაკავშირებული ასპექტები, ჯანმრთელობა, მეუღლე/პარტნიორის და არაპარტნიორის მხრიდან ძალადობა, ძალადობასთან დაკავშირებული დაზიანებები, ძალადობის გავლენა და დახმარების ძიებასთან დაკავშირებული ქცევები, სექსუალური შევიწროება, ადევნება, სოციალური ნორმები და შეხედულებები, ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
შოთაძე: ფემიციდთან საბრძოლველად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო >>
საველე სამუშაოებისთვის ოქტომბერში 90 ადამიანია გადამზადდება.
ტრენინგის დროს ინტერვიუერები დეტალურად გაეცნობიან გამოკვლევის მეთოდოლოგიას, კითხვარების შევსების ინსტრუქციასა და საველე პროცედურებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს.
გამოკვლევის მონაცემთა შეგროვება განხორციელდება პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, რესპონდენტის პირისპირ გამოკითხვის გზით. შემაჯამებელი შედეგები 2023 წელს გამოქვეყნდება.
რამდენი ქალი მოკლეს საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში >>
გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდება.
გამოკვლევა წარმოადგენს „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის ნაწილს, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

ფემიციდი როგორც მთავარი გამოწვევა

საქართველოში ფემიციდი წლების განმავლობაში სერიოზულ გამოწვევად რჩება.
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, აღნიშნავს საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ყველა ახალი ამბავი
0