შოთაძე: ფემიციდთან საბრძოლველად ერთიანი ძალისხმევაა საჭირო

© The Prosecution Service of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2022
გამოწერა
პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. ფემიციდთან ბრძოლა საზოგადოების ერთიან ძალისხმევასა და ჩართულობას მოითხოვს, განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
შოთაძემ ფემიციდს კომპლექსური გამოწვევა უწოდა. მისი თქმით, მიუხედავად რეფორმების განხორციელებისა და მიღებული დადებითი შედეგებისა, ქალთა მკვლელობის შემთხვევების მკვეთრი კლება არ შეინიშნება.

„იმ შემთხვევაში, თუ ამ კამპანიის შედეგად თუნდაც ერთი ქალი მოგვმართავს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ ეშინია სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვის, ეს პირადად ჩემთვის ფემიციდის წინააღმდეგ ამ კამპანიის წარმატების ინდიკატორი იქნება“, – განაცხადა შოთაძემ.

გენპროკურორმა პროკურორებს, განსაკუთრებით მამაკაცებს მიმართა და მოუწოდა, აქტიურად ჩაერთონ ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში, რათა მოძალადეებმა დაინახონ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია და არავინ დარჩება დაუსჯელი.
გენპროკურორმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციაზე, დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე და ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.
შოთაძის თქმით, პროკურატურა ცდილობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით ღონისძიებების აქტიურად განხორციელებას, რათა მოხდეს დანაშაულის პრევენცია და მომხდარი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა. მან მზადყოფნა გამოთქვა, ყველა მსგავს აქციასა და ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთოს.
რამდენი ქალი მოკლეს საქართველოში ბოლო ცხრა წლის განმავლობაში>>>
საქართველოს პროკურატურამ აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომლის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
საქართველოში 2014-2022 წლებში 186 ქალი მოკლეს. ამავე პერიოდში ჩადენილია 129 ქალის მკვლელობის მცდელობა. პროკურატურის მონაცემებით, ფემიციდის პიკი 2014 წელს იყო, როდესაც ერთ წელიწადში 33 ქალი მოკლეს.
კანონმდებლობის გამკაცრების შემდეგ ქალთა მკვლელობების რიცხვმა კლება დაიწყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ და კარანტინმა მკვლელობების ახალი მატება გამოიწვია, აღნიშნავს საქართველოს პროკურატურა.
უწყების ცნობით, 2020 წელს 22 ქალი დაიღუპა, 2021 წელს – 18, ხოლო 2022 წლის რვა თვეში 13 ქალი მოკლეს. ამასთან, პროკურატურის მონაცემებით, ქალების მხოლოდ ნახევარს კლავენ ოჯახის წევრები.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0