ფინანსთა მინისტრი ფასების დინამიკაზე საქართველოში

© Ministry of Finance of Georgiaლაშა ხუციშვილი
ლაშა ხუციშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
პროგნოზების გაკეთება გეოპოლიტიკური ვითარებიდან და უკრაინის მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარების გამო ძალიან რთულია, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ინფლაცია გააგრძელებს შემცირებას და მიზნობრივ მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის აგვისტო 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით) საქართველოში 10,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%. ერთი წლის განმავლობაში ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (15,6%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,9%) და ჯანდაცვაზე (1,2%). ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სურსათის ფასებმა წლიური 15,8%-ით მოიმატა.

„ის მოლოდინები, რაც ბოლო სამმა თვემ აჩვენა, გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ ფასებისა და ინფლაციის შემცირება უნდა გაგრძელდეს მომდევნო თვეებშიც. დღეს არსებული პროგნოზებით, ინფლაციის მაჩვენებელი განსაკუთრებით 2023 წლის მეორე კვარტალში უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც არის 3 პროცენტი“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მიუხედავად ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგნოზების გაკეთება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან და უკრაინაში მოვლენების არაპროგნოზირებადი განვითარებიდან გამომდინარე, ძალზე რთულია, რისკები არსებობს.
ხუციშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ინფლაცია საკმაოდ მაღალია, ბოლო ორ თვეში ის შემცირების ტრენდით ხასიათდება. მათ შორის ცვლილებები არის გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებით, რომელთა ფასები მსოფლიო ბაზრებზე მცირდება.
„ბუნებრივია, ეს დამოკიდებულია პროდუქტებზე, რომლებიც საერთაშორისო ბირჟებსა და საერთაშორისო ბაზრებზე ივაჭრება. შესაბამისად, მისი ფასის კვოტირება სწორედ იქ დგება და შესაბამისი ცვლილებების ასახვა ხდება შესყიდვის დროს ქვეყნების მიხედვით. ჩვენ სახეზე გვაქვს, რომ სურსათის საფასო ინდექსი ბოლო სამი თვის განმავლობაში მუდმივად შემცირებით ხასიათდება“, – განაცხადა ხუციშვილმა.
საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა>>
მინისტრის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ფასების შემცირება ფიქსირდება საწვავთან მიმართებით. გარკვეული დროის შემდეგ ეს ფასების დონეზე, მათ შორის, საქართველოშიც აისახება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში ინფლაციის დონე ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იკლებს, მათ შორის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ხარჯზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთს 11%-ზე ინარჩუნებს, რაც გამოწვეულია ინფლაციური წნეხით და ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლისგან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაშორებით.
რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.
საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო Fitch ვარაუდობს, რომ საქართველოში 2022 წელს ინფლაცია წლიური დაანგარიშებით საშუალოდ 11,5% იქნება, ვინაიდან ფასები საცხოვრებელსა და კვების პროდუქტებზე მაღალი დარჩება, შემდეგ კი შემცირდება 2023 წელს 6,2%-მდე, ხოლო 2024 წელს – 4,2%-მდე.
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მკაცრი დარჩება მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი დონისა და უპირატესად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთისა.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა>>
ამავე დროს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით, 2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი, ხოლო მომავალ წელს 5%-მდე შემცირდება. ბანკის შეფასებით, ეს მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0