საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მცირდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerბაზარი ორბელიანზე
ბაზარი ორბელიანზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2022
გამოწერა
ბევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2022 წლის აგვისტოში, გასული წლის აგვისტოსთან შედარებით) 10,9% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
წელიწადზე გადაანგარიშებით ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე (15,6%), სასტუმროებსა და რესტორნებზე (14,9%), ჯანდაცვაზე (1,2%). აგვისტოში სურსათზე ფასები წლიური 15,8%-ით გაიზარდა.
2022 წლის აგვისტოში, ივლისის პერიოდთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,1% შეადგინა. ივლისში ინფლაცია ასევე 0,2% იყო.

რატომ მცირდება ინფლაცია საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ბევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს.
დინამიკას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ინფლაცია უმეტეს ქვეყნებში იზრდება, საქართველოში კი იკლებს. რა არის ამის მიზეზები? სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაზე პანდემიის, შემდეგ კი ომის ზემოქმედებიდან გამომდინარე ასახვა ინფლაციაზეც ხდება. გარდა ამისა, არის სხვა ფაქტორებიც, განაცხადა გვენეტაძემ ბრიფინგზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა. და როდესაც პანდემიის გამო ხალხის მობილობა მთლიანად შეწყდა, საქართველო მძიმედ დაზარალდა.
მობილობის შეჩერების გამო ქვეყანამ დაკარგა დაახლოებით სამი მილიარდი სავალუტო შემოსავალი. მოხდა გაცვლითი კურსის დევალვაცია და, შესაბამისად, მოხდა ამ ეფექტის გადატანა ინფლაციაზე. ჩვენთან ადრე სხვადასხვა ფაქტორები აისახებოდა (ინფლაციაზე - რედ.), მაგრამ სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ასახვა ჯერ არ ხდებოდა, განაცხადა გვენეტაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ძალიან მაღალი იყო ბევრ ქვეყანაში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ მომხდარა, მაგალითად, ევროზონაში, აშშ-ში, რადგან მთავარი მიზეზი იყო პრობლემები მოთხოვნის მხრივ, ასევე მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტა.
მარეგულირებლის ხელმძღვანელის თქმით, სანამ ეკონომიკები ჯერ კიდევ კლებას განიცდიან, ამ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კონტრპროდუქტიული იქნებოდა.
სწორედ ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ იკლებს საქართველოში ინფლაცია დღეს. მართალია, შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იკლებს. სხვა ქვეყნებში კი ინფლაცია სულ უფრო მატულობს, განაცხადა გვენეტაძემ.
აგვისტოში ევროზონის 19 ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ ახალ ისტორიულ რეკორდს მიაღწია - 9,1%-ს (ერთი თვით ადრე 8,9% იყო). ანალიტიკოსები ინდექსის ზრდას მხოლოდ 9%-მდე ელოდნენ.
საერთაშორისო რეიტინგული სააგენტო Fitch მოელის, რომ საქართველოში ინფლაცია წლიური დაანგარიშებით საშუალოდ 11,5% იქნება, ვინაიდან ფასები საცხოვრებელსა და კვების პროდუქტებზე მაღალი დარჩება, შემდეგ კი შემცირდება 2023 წელს 6,2%-მდე და 2024 წელს – 4,2%-მდე.
სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მკაცრი დარჩება მიუხედავად დოლარიზაციის მაღალი დონისა და უპირატესად ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთისა.
ყველა ახალი ამბავი
0