რამდენი სოციალურად დაუცველი დასაქმდა საქართველოში? სახელმწიფო პროგრამა ციფრებში

© Sputnik / Alexander Imedashviliმეეზოვე
მეეზოვე - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
არა სამუშაო, არამედ პროფესიული გადამზადების კურსი პროგრამის მონაწილეთა ყველაზე ნაკლებმა ნაწილმა აირჩია.
თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 23 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში.
მინისტრის განცხადებით, ეს არის 20 სექტემბრის მონაცემები. საქართველოში სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შრომისუნარიან პირებს 18 წელს ზემოთ, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 120.000-ს არ აჭარბებს და რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
პროგრამის ამოქმედების შემდეგ თავისი არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა 4,3 ათასზე მეტმა ადამიანმა დააკანონა, 3 ათასზე მეტმა სამუშაო კერძო სექტორში იპოვა, 600-მა ადამიანმა კი პროფესიული გადამზადების კურსები აირჩია.
მინისტრის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანია დროებითი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ბაზარზე იმ ადამიანების ინტეგრაციის ხელშეწყობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ იყვნენ დასაქმებული.
პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ადამიანები მუნიციპალიტეტებში საქმიანობენ სკვერებში, გზების დაგებაზე, სახლების რემონტზე, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების დალაგებაზე.
რამდენი სოციალურად დაუცველი დასაქმდა საქართველოში>>
დასუფთავდა და მოწესრიგდა ათასზე მეტი სასაფლაო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის 200-ზე მეტი შენობა, 1,5 ათას კილომეტრზე მეტი საკანალიზაციო არხები. გარდა ამისა, 400-მა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა საბავშვო ბაღმა სოციალურად დაუცველები დამლაგებლებად და დარაჯებად აიყვანა სამუშაოდ.
პროგრამის მონაწილეები დასაქმდნენ ასევე ეროვნულ სატყეო სააგენტოში, აგვისტოს ბოლოს აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტყის ხანძრების ქრობის პროცესში ბორჯომის ხეობაში.
აზარაშვილი პარლამენტში ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივით მივიდა და ინტერპელაციის წესით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დასაქმების პროგრამა
პროგრამაში ჩართვამდე სპეციალისტები სოციალურად დაუცველების ცოდნას, უნარებსა და მუშაობის გამოცდილებას აფასებენ.
ბენეფიციარებს ჯგუფებად ყოფენ: ვისაც დიდი ხანია არ უმუშავია და მათი გამოცდილება არ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებს; ვისაც სურს დასაქმება კვალიფიკაციის მიუხედავად; ვინც არაფორმალურად დასაქმებულია ან არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფში მოხვდა ბენეფიციარი, მას სთავაზობენ ან საზოგადოებრივ სამუშაოს, ან პროფესიული გადამზადების კურსს, ან ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზაციას.
პროგრამა სოციალურად დაუცველ ადამიანებს სრულ განაკვეთზე სამუშაოში ყოველთვიურად 300 ლარის ანაზღაურებას და სახელმწიფო შეღავათებს სთავაზობს. ეს თანხა არ დაიბეგრება.
სოციალურად დაუცველთა დასაქმება საქართველოში - პირველი პრობლემები>>
ამასთან, ოთხი წლის განმავლობაში ისინი შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომელიც მანამდე ჰქონდათ, ხოლო მათი სტატუსი არ შემოწმდება.
სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეებთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე ფორმდება. დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც.
იმ შემთხვევაში, თუ შემწეობის მიმღები პირი უარს იტყვის დასაქმების შეთავაზებაზე, ერთი წლის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გადამოწმდება, თუმცა ეს არ შეეხება შშმ და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე პირებს.
სულ 1 აპრილისთვის საქართველოში დარეგისტრირებული იყო 664,3 ათასი სოციალურად დაუცველი პირი, რაც ქვეყნის მთელი მოსახლეობის 17,8%-ს შეადგენს.
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფინანსური დახმარების მოცულობა დამოკიდებულია სარეიტინგო ქულაზე – რაც უფრო ხელმოკლეა ოჯახი, მით უფრო დაბალია ქულა. დახმარების თანხა მერყეობს 10-დან 60 ლარამდე ოჯახის თითოეულ ზრდასრულ წევრზე. 1 ივნისიდან კი სოციალურად დაუცველი ოჯახები თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 150 ლარს იღებენ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0