მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობაში“ არის ჩხუბი ფინანსებზე და გავლენებზე

© Parliament of Georgiaმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შიდა კლანური გარჩევების გამო სუსტდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ რაც უფრო შორს იქნება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულის“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ოპოზიციისგან, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ დამაარსებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ეს სიტყვები არ მოეწონათ პარტიის ავტორიტეტულ წარმომადგენლებს, დეპუტატებს ლევან ხაბეიშვილსა და დავით კირკიტაძეს. მელია მათი კრიტიკის ობიექტი გახდა.

„ნაცმოძრაობის“ კლანებს შორის ბრძოლა ახალი ამბავი არ არის, ეს ბრძოლა დიდი ხნის დაწყებულია. ბრძოლა შეეხება მათ შორის იმას, ვის განკარგულებაში იქნება თავის დროზე მოპარული „ნაცმოძრაობის“ დიდი ფინანსები“, – განაცხადა მდინარაძემ.

საუბარია ფულზე, რომლებიც „ომის შემდეგ არის მითვისებული“, რომლითაც საქართველოში აქციები იმართება, აღნიშნა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ის ვერ ისაუბრებს შიდა დაპირისპირების დეტალებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბრძოლა ფინანსებისა და შიდა გავლენებისთვის მიმდინარეობს.
„შიდა კლანური გარჩევებით სუსტდებიან და ეს კარგია... ოპოზიცია რომ სუსტია, ეს ქვეყნისთვის ცუდია, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, რადიკალები და ქვეყნის მტრები რომ​ სუსტდებიან, კარგია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ „მელია ლოგიკაში პოზიტიურად პროგრესირებს, რადგან უკვე დარწმუნდა, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია“.
„ბალაგანი და ცემა-ტყეპა": მმართველი პარტიის დეპუტატი მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე >>
ქვეყანაში არ წყდება კამათი იმაზე, თუ ვინ არის სინამდვილეში ოლიგარქი. ხელისუფლების მთავარი ოპონენტები ივანიშვილს საქართველოში ერთადერთ ოლიგარქს უწოდებენ და მის მიმართ საერთაშორისო სანქციების გატარებას მოითხოვენ.
მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფენ ივანიშვილის ჩარევას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აცხადებენ, რომ მან პოლიტიკა ჯერ კიდევ 2021 წლის იანვარში დატოვა.
ამავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოლიგარქებად მოიხსენიებენ ოპოზიციონერებს – პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს, ყოფილ ბანკირებს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და დავით კეზერაშვილს, რომელზეც შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოქმედებები „ქართული ოცნების" რეიტინგს ზრდის >>
მელია და მისი მომხრეები იაზრებენ, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ განვითარებას აფერხებენ, განაცხადა, თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ. ამიტომ, მისი თქმით, მელია ცდილობს პარტიის ლიდერობა თავის ხელში აიღოს და გახდეს გადაწყვეტილებების მიმღები პირი.
„ეს ჯერ არ გამოსდის, ან ძალიან სუსტად აკეთებს, პარტიის შიგნით არის კონფლიქტები და უფრო მეტი დაიშალა, ვიდრე აეწყო... ჩანს, რომ ამ პარტიაში დიდი არეულობაა, რაც ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
ვიცე-სპიკერის თქმით, დანარჩენს საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს, რომელიც ქვეყანაში 2024 წელს გაიმართება.
„საზოგადოებას კარგი შესაძლებლობა ექნება, ოპოზიციიდან უპასუხისმგებლო პარტიები გაისტუმროს და ისეთ ოპოზიციურ პარტიებს მისცენ ხმა, რომლებიც მოქალაქეების არჩევანს პატივს სცემენ და საზოგადოებას თავს ბოიკოტით არ ამახსოვრებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„კმაყოფილი ვარ" - კობახიძე ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე >>
„ნაციონალურ მოძრაობის" შიგნით სერიოზული დაპირისპირების თაობაზე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს აფინანსებს.
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, აღნიშნული ფაქტი რამდენიმე დღის წინ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააპროტესტა. კეზერაშვილმა კი, თავის მხრივ, მელიას მიანიშნა, რომ იგი მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარეა პარტიის.
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი ცდილობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით მეტი ძალაუფლება მოიპოვოს.
ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილმაც. მან არასწორი უწოდა მელიას განცხადებას და აღნიშნა, რომ „გულწრფელად წუხს“. ამასთან, მან კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი უწოდა.
ყველა ახალი ამბავი
0