მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის მოქმედებები „ქართული ოცნების" რეიტინგს ზრდის

© courtesy of Mamuka Mdinaradzeმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2022
გამოწერა
ისინი აზიანებენ საქართველოს იმიჯს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს ძალიან სამწუხაროა, განაცხადა მდინარაძემ.
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციის მოქმედებები ზრდის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რეიტინგს, თუმცა აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ოცნება" მუდმივად აკრიტიკებს ოპოზიციის ნაწილს რადიკალიზმის გამო და მას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს.
მმართველი პარტია 1 ივლისიდან მუშაობს ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით. პროცესში, სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხოლოდ ნაწილი მონაწილეობს. პარტიები „ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ლელო საქართველოსთვის", ასევე რიგი დამოუკიდებელი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ცალკე მუშაობენ.

„ქვეყნის შიგნით მათი ამ ქმედებების „შედეგი" ის არის, რომ „ოცნებას" რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ისინი აზიანებენ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს არის ყველაზე სამწუხარო. ეს არის ქვეყნის მტრობა და უსამშობლოობა", – განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

მან ასევე გააკეთა კომენტარი ოპოზიციური პარტიების ნაწილის გეგმებზე ახალი კოალიციის შექმნის თაობაზე. ამ ინიციატივით გუშინ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გამოვიდა.
თავისი პარტნიორების სახით ვაშაძე განიხილავს ელენე ხოშტარიას "დროას", ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარტიას „ლელო საქართველოსთვის" და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი - მეტი თავისუფლება".
„ოთხმა პარტიამ დეკლარირებულად განაცხადა (მაინც ერთად არიან, მაინც „ნაციონალურ მოძრაობის" დავალებებს ასრულებენ) და გადაწყვიტა, რომ ბარემ ერთად იმოქმედონ. არ არსებობს „ლელო", „სტრატეგია აღმაშენებელი", „დროა" და „გირჩი", არსებობს ერთი პარტია „ნაცმოძრაობა", რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დავალებებს ასრულებს", – განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიცია საქართველოში ახალ კოალიციას ქმნის?>>
ოპოზიციონერები ალტერნატიულ ფორმატში თითქმის მთელი ზაფხული მუშაობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის 12 პირობის რეალიზაცია და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება საქართველოს ისტორიული შანსი და მთავარი ამოცანაა.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0