აზარაშვილი გლობალური ჯანდაცვის მინისტერიალზე თანათავმჯდომარის რანგში გამოვიდა

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი ნიუ-იორკში
ზურაბ აზარაშვილი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წარმატებებს, ასევე ისაუბრა უახლოესი წლების გეგმებზე.
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ღონისძიების თანათავმჯდომარის სახით მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე ყოველწლიურ მინისტერიალში, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო.
მაღალი დონის შეხვედრაში აზარაშვილი გამოვიდა სიტყვით და საქართველოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამას შეეხო. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ეხება.

„გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, სახელმწიფოს აქვს სხვა „ვერტიკალური პროგრამები", რომელთა მიზანია უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პრევენციულ სერვისებზე, იმუნიზაციაზე, დაავადების ადრეულ გამოვლენასა და სკრინინგზე. პროგრამები მოიცავს შეუზღუდავ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ტუბერკულოზის, HIV და C ჰეპატიტის სერვისებზე", – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტერიალზე ქართველი მინისტრი ასევე შეეხო ქვეყნის ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის საკითხს, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა. მისი თქმით, დოკუმენტი შეიცავს ამბიციურ, მაგრამ რეალისტურ მიზნებს, რაც ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაზეა მიმართული.
„წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ წამოიწყო რეფორმები, რათა შეიქმნას პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი. მიმდინარე ცვლილებები ეხება პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას, საავადმყოფოებში დაფინანსების ახალი მექანიზმების დანერგვას, არაგადამდები დაავადებებისა და კიბოს სამართავად აუცილებელი მედიკამენტების ფასების რეგულირებას", – აღნიშნა აზარაშვილმა.
რა საკითხები განიხილეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანმოს ხელმძღვანელმა?>>
მინისტრის განცხადებით, მთავრობა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის გაუმჯობესებას აპირებს.
აზარაშვილთან ერთად მინისტერიალში ნიუ-იორკში მონაწილეობენ ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ენუქიძე და ეპიდემიოლოგი, პროფესორი აკაკი აბუთიძე. ღონისძიების მთავარი მიზანია ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0