რამდენი სკოლა იწყებს დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმში სასწავლო პროცესს

© photo: Sputnik / Stringerმოსწავლეები
მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2022
გამოწერა
ახალ სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632.726 მოსწავლე ისწავლის.
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით არსებული 2.086 საჯარო სკოლიდან 16 სკოლა სასწავლო პროცესს ორი-სამი კვირის დაგვიანებით, ან დისტანციურად დაიწყებს, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ტელეარხ „პალიტრანიუსის" ეთერში.
მახარაშვილის თქმით, 50-მდე სკოლა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლებს.
დღეს, 15 სექტემბერს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ახალ საპილოტო პროგრამებზე, რომლებიც 2022-2023 სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
კერძოდ, სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას დამოუკიდებელ საგნად შეისწავლიან, ასევე მოსწავლეებს პირველ კლასში სავალდებულო საგნად ჭადრაკი დაემატებათ.
გარდა ამისა, საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ასევე 150-ზე მეტ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს რაგბი ემატება.
სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო>>>
2022-2023 სასწავლო წლიდან II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიები აუცილებელი საგანი გახდება.
სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM-კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტებს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა, სასკოლო პროექტები STEAM-კონფერენციაზე წარადგინონ.
ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4 ათასამდე მოსწავლე საპილოტო რეჟიმში მათემატიკას Macmillan-ის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის.
ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.
ახალი რეკომენდაციების მიხედვით, მოიხსნა დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების, ასევე ერთმეტრიანი დისტანციის დაცვის ვალდებულება.
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში დისტანციური სწავლების რეჟიმიც შეიზღუდა. კერძოდ, დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკ-ჯგუფში შედიან. შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე მათ ექნებათ საშუალება, გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლის მასწავლებელი ან მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით (ამჟამად – 5 დღე). თუმცა, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინს აღარ დაექვემდებარებიან.
განახლებული რეკომენდაციების მიხედვით, კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე არ გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები – ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლა. ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.
ახალ სასწავლო წელს ქვეყნის მასშტაბით სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632.726 მოსწავლე ისწავლის, აქედან 90,4% სახელმწიფო სკოლების, დანარჩენი კი კერძო სკოლების მოსწავლეა.
ყველა ახალი ამბავი
0