კობახიძე: იმედია აშშ-ის საელჩო მეტი ყურადღებით მოეკიდება საკუთარ განცხადებებს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია დეპოლარიზაცია, მაშინ მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს, მიაჩნია მმართველი პარტიის თავმჯდომარეს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საელჩო არ უნდა აკეთებდეს ისეთ განცხადებებს, რომლებიც ქვეყანაში პოლარიზაციას წაახალისებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის ლიდერმა ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მიყურადების შესახებ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც უზრდის მთავრობას მოქალაქეების გაკონტროლების შესაძლებლობას, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროინტეგრაციას, იმის ნაცვლად, რომ მიუახლოვოს მას, ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია საქართველოში დეპოლარიზაცია, ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს. მით უმეტეს, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იყენებს ხოლმე ვითარების პოლარიზაციისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს „სამწუხარო და დასანანია“.
„იმედი გვაქვს, საელჩო შემდეგში საკუთარ პოზიციებს მეტი ყურადღებით მოეკიდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, საელჩოს განცხადებაში არის ორი არასწორი საყვედური. პირველი არის ის, რომ კანონი არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან, რაც, კობახიძის თქმით, არის სიცრუე.
მეორე არის ის, რომ კანონი მიღებულია მიზანმიმართულად მოქალაქეების კონტროლისთვის. კობახიძის თქმით, ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურ ვარიანტში წერია „მონიტორინგი“, ქართულში კი „კონტროლი“. თარგმანშიც კი არის სხვაობა, აღნიშნა მან.
„ეს წარმოუდგენელია" - მმართველ პარტიაში აშშ-ის საელჩოს განცხადებას უპასუხეს >>

„კანონი საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება და როცა ამ მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება ხდება საქართველოს მოქალაქეებთან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარულად ასეთი შეცდომების გაპარება საელჩოს განცხადებაში. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. თუმცა კანონმდებლებმა სამშაბათს, 6 სექტემბერს გამართულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და კანონპროექტი 79 ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისიის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0