„ეს წარმოუდგენელია" - მმართველ პარტიაში აშშ-ის საელჩოს განცხადებას უპასუხეს

© photo: Sputnik / Stringerანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2022
გამოწერა
ნებისმიერ კრიტიკას, ნებისმიერ შენიშვნას სჭირდება სამართლებრივად გამყარებული ფაქტი და არგუმენტი, აცხადებენ „ქართულ ოცნებაში".
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის საელჩოს შეფასება „ფარული თვალთვალის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების თაობაზე წარმოუდგენელი და შემაშფოთებელია, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატმა ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება მიყურადების შესახებ კანონის მიღების თაობაზე, რომელიც უზრდის მთავრობას მოქალაქეების გაკონტროლების შესაძლებლობას, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს.

„საელჩოს განცხადების თანახმად, ყოველივე ეს, თურმე, ნიშნავს მოქალაქეების კონტროლს. ეს წარმოუდგენელია მაშინ, როცა განსაზღვრულია ლეგიტიმური საფუძვლები თავისი ხასიათით მძიმე დანაშაულებზე. ეს თუ მოქალაქეების კონტროლია და თუ ასეა შეფასებული, ეს წარმოუდგენელი რამეა და შემაშფოთებელი“, – განაცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს ვერაფერი დააზიანებს.
„ნებისმიერ კრიტიკას, ნებისმიერ შენიშვნას, ნებისმიერ საყვედურს სჭირდება სამართლებრივად გამყარებული ფაქტი და არგუმენტი. ვერც ვენეციის კომისიის დასკვნაში, ვერც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში და ვერც აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ჩვენ ვერ ვხვდებით ვერცერთ საქმეს, ევროპული კონვენციის მიდგომას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონი არღვევს“, – აღნიშნა დეპუტატმა.
სკანდალური კანონპროექტი
საქართველოში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტმა სკანდალი გამოიწვია. სახელმწიფო მეთაურმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მანძილზე პირველად გამოიყენა ვეტოს უფლება და პროექტი პარლამენტს დაუბრუნა. თუმცა კანონმდებლებმა სამშაბათს, 6 სექტემბერს გამართულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და კანონპროექტი 79 ხმით 27-ის წინააღმდეგ მიიღეს.
კანონპროექტი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მაქსიმალურად დასაშვები ვადის სამიდან ცხრა თვემდე გაგრძელებას ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია>>>
ვენეციის კომისიამ აგვისტოს ბოლოს წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და ის უფრო დეტალურ დასაბუთებას მოითხოვს.
ვენეციის კომისიამ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმს „არაადეკვატური“ უწოდა და აღნიშნა, რომ საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების „ყოვლისმომცველი გადახედვა“.
ვენეციის კომისის რეკომენდაციით, რაიმე კანონპროექტზე გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ჩატარდეს ფორმალური კონსულტაციები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
გარდა ამისა, კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა კანონპროექტის მიღებისა და, მათ შორის, ფარული თვალთვალის ვადის გახანგრძლივების აუცილებლობის დასაბუთება, ასევე მთელი სისტემის სრული გადახედვა და საქართველოში ფარული თვალთვალის სრულიად ახალი წესების მიღება.
კანონპროექტზე ვენეციის კომისის სრული დასკვნა 22 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0