სახალხო დამცველის არჩევა - პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი იწყებს რეგლამენტში ცვლილებების პროექტის განხილვას, რომელიც სახალხო დამცველის არჩევის პროცედურას ეხება.
პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი განისაზღვრება, რომელიც გავრცელდება იმ კანდიდატებზე, რომელთაგანაც საკანონმდებლო ორგანო 2022 წლის დეკემბერში ომბუდსმენს აირჩევს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ცვლილებების პროექტს მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტამდე პროექტი განიხილა ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომლის დასკვნაც სავალდებულოა. ცვლილებების პროექტი, სავარაუდოდ, დღევანდე პლენარულ სხდომაზე გავა.
დროებითი წესის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრძანებას გამოსცემს და სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები კანონმდებლებს სწორედ იმ წესით წარედგინება, რასაც სპიკერი საკუთარი ბრძანებით დაადგენს.
სახალხო დამცველის ასარჩევად პარლამენტის რეგლამენტში დროებითი წესი განისაზღვრება>>>
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, წარდგენილ კანდიდატურებს სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შეაფასებენ.
გათვალისწინებული იქნება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას, კეთილსინდისიერებას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების არსებობას გულისხმობს.
მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბერში იწურება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მას მეორედ არჩევა არ შეუძლია. ახალი კანდიდატის შესარჩევად პარლამენტში მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ კი საკანონმდებლო ორგანოში ამჟამად 80 წარმომადგენელი ჰყავს.
როგორც ადრე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატს არ წამოაყენებს.
ახალხო დამცველის არჩევა - „ქართული ოცნება“ კომპრომისისთვის მზადაა>>>
თუმცა, ამასთანავე მან დაასახელა ის ერთი პირობა, რომლის არსებობის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კანდიდატის წამოყენების უფლებას მაინც დაიტოვებს. კერძოდ, თუ ადგილი ექნება ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს, თუ ოპოზიციური სუბიექტები პირს შეკრავენ და არ წარადგენენ არცერთ კანდიდატურას.
თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას „თაღლითური სქემა“ უწოდა.
სახალხო დამცველი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დამცველ ფართო უფლებამოსილებების მქონე დამოუკიდებელ ინსტიტუტს.
აპარატის წარმომადგენლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა ციხეებსა და სხვა დახურულ სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში – პანსიონატებში, კლინიკებში და ა.შ.
გარდა ამისა, სახალხო დამცველს უფლება აქვს, წარადგინოს რეკომენდაციები და შენიშვნები კანონპროექტებთან დაკავშირებით, მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოთქვას აზრი „სასამართლოს მეგობრის“ სახით კონკრეტულ პროცესზე, მოითხოვოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა და სხვ.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0