მატჩი არ გადათამაშდება: FIBA-მ თურქეთის საჩივარი არ დააკმაყოფილა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს კალათბურთის ნაკრები
საქართველოს კალათბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2022
გამოწერა
სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს.
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. თურქეთის კალათბურთის ფედერაციის (TBF) ოფიციალური საჩივარი „ევრობასკეტის“ მესამე ტურში საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის სათამაშო დროიდან 22 წამის დაკლებასთან დაკავშირებით კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) არ დააკმაყოფილა.
„ევრობასკეტი-2022“-ზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ 4 სექტემბერს ქართველმა კალათბურთელებმა თურქეთის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხეს.
შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ბოლო მეოთხედში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თურქი კალათბურთელი კორკმაზი და დუდა სანაძე, რასაც ორივე სპორტსმენის გაძევება მოჰყვა. თურქული მხარის ინფორმაციით, აურზაური გასახდელშიც გაგრძელდა.
დრამატული შეხვედრა და ჩხუბი მოედანზე - რა მოხდა საქართველო-თურქეთის მატჩზე>>>
თურქებმა გააპროტესტეს გაუგებრობა მატჩის დროსთან დაკავშირებით, რომელიც ხსენებულ ეპიზოდს მოჰყვა. როგორც ირკვევა, დაპირისპირების დაწყების მომენტში 4:48 წუთი იყო დარჩენილი, ხოლო როდესაც თამაში განახლდა, ტაბლოზე 4:26 წუთი იყო დაფიქსირებული.
როგორც თურქეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში აღნიშნეს, დაპირისპირებისას დრო არ გააჩერეს და სიტუაციის განმუხტვაზე ძირითადი დროის 22 წამი დაიხარჯა. მაგრამ თურქეთის ფედერაციამ სარჩელში ვერ დაამტკიცა, რომ აღნიშნული 22 წამი გადამწყვეტი იქნებოდა და მატჩის საბოლოო ანგარიშს შეცვლიდა.

„მათ პროტესტში ვერ დაამტკიცეს, რომ რომ არა ეს შეცდომა დროსთან დაკავშირებით, სულ სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა. შედეგად, თურქეთის კალათბურთის ფედერაციის საჩივარი თამაშის შედეგთან დაკავშირებით უარყოფილია“, – ნათქვამია FIBA-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კორკმაზსა და სანაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რომელიც, თურქული მხარის განცხადებით, მოედნის მიღმაც გაგრძელდა და ინციდენტში ჩართული იყვნენ უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლებიც, ამ მიმართულებით FIBA გამოძიებას აგრძელებს.
„ამ მომენტისთვის გამოძიება გრძელდება. როცა გამოძიება დასრულდება, ფიბა მიიღებს გადაწყვეტილებას სადისციპლინო სანქციების შესახებ", – ნათქვამია განცხადებაში.
„ევრობასკეტის“ A ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, მეოთხე ტურის მატჩები 6 სექტემბერს ჩატარდება. 18:15 საათზე მონტენეგრო ესპანეთს შეხვდება, ხოლო 21:00 საათზე საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დარჩენილი ორი შეხვედრიდან მაქსიმალური შედეგის მიღწევა და ორივე მატჩში გამარჯვება სჭირდება. სხვა შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლის შანსები ილიას ზუროსის გუნდისთვის ძალიან შემცირდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0