დრამატული შეხვედრა და ჩხუბი მოედანზე - რა მოხდა საქართველო-თურქეთის მატჩზე

© Georgian Basketball Federationილიას ზუროსი
ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა „ევრობასკეტზე" გამართულ მესამე შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა თურქეთის ნაკრებთან.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩატარებული მატჩი შეაფასა.
გუშინ ქართველმა კალათბურთელებმა „ევრობასკეტი 2022“-ზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ თურქეთის ნაკრები ანგარიშით 88:83 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ოვერტაიმის დანიშვნა ორჯერ გახდა საჭირო. მეოთხე მეოთხედის ბოლოს ანგარიში 66:66 იყო. შეხვედრის ბედი დამატებით დროში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ გამარჯვებული პირველი ოვერტაიმის ბოლოსაც არ გამოვლინდა – 75:75.
როგორც ბერძენმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, დანაკლისის ფონზე გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო. საქართველოს ნაკრებს თურქეთთან შეხვედრაში ტრავმირებული თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე ვერ ეხმარებოდნენ.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ მივულოცო გამარჯვება ჩემს კალათბურთელებს. დღეს ისინი საამაყო არიან ჩვენთვის და მთელი ქვეყნისთვის. მათ მატჩის დასაწყისიდან ბოლო წამამდე იბრძოლეს. ამ თამაშის მოგება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა ილიას ზუროსმა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ბოლო მეოთხედში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თურქი კალათბურთელი კორკმაზი და დუდა სანაძე, რასაც ორივე სპორტსმენის გაძევება მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, აურზაური გასახდელშიც გაგრძელდა.
თურქებმა ასევე გააპროტესტეს გაუგებრობა მატჩის დროსთან დაკავშირებით, რომელიც ხსენებულ ეპიზოდს მოჰყვა. როგორც ირკვევა, დაპირისპირების დაწყების მომენტში 4:48 წუთი იყო დარჩენილი, ხოლო როდესაც თამაში განახლდა, ტაბლოზე 4:26 წუთი იყო დაფიქსირებული.
„ევრობასკეტი - 2022“: საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება თურქეთთან მოიპოვა>>>
თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჰაკან დემირმა მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტს გაასაჩივრებს. მან ასევე მატჩზე მყოფი უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კონფლიქტში მონაწილეობას ისინიც იღებდნენ.
„დერეფანში საქართველოს ნაკრების კალათბურთელები და დაცვის წევრები თავს დაგვესხნენ, ჩვენ აუცილებლად შევამოწმებთ სათვალთვალო კამერებს. ჩვენ აქ კალათბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. რაც მოედანზე ხდება, მოედანზე უნდა დარჩეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოედნის გარეთ დიდი სკანდალი მოხდა“, – განაცხადა დემირმა.
„ევრობასკეტის“ A ჯგუფში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, მეოთხე ტურის მატჩები 6 სექტემბერს ჩატარდება. 18:15 საათზე მონტენეგრო ესპანეთს შეხვდება, ხოლო 21:00 საათზე საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრების მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის დარჩენილი ორი შეხვედრიდან მაქსიმალური შედეგის მიღწევა და ორივე მატჩში გამარჯვება სჭირდება. სხვა შემთხვევაში პლეი-ოფში გასვლის შანსები ილიას ზუროსის გუნდისთვის ძალიან შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0