„ევრობასკეტი - 2022“: საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან პირველი გამარჯვება მოიპოვა

  - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
ქართველი კალათბურთელები მომდევნო თამაშს 6 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
თბილისი, 4 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა კალათბურთელებმა „ევრობასკეტი-2022“-ის მესამე მატჩში თავდაუზოგავი ბრძოლით თურქეთის ნაკრები მეორე დამატებით ტაიმში დაამარცხეს – შეხვედრა ანგარიშით 88:83 დასრულდა.
დღევანდელი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ამ ჩემპიონატზე მესამე იყო. წინა ტურებში ქართველი კალათბურთელები А ჯგუფში ბელგიელებთან, შემდეგ კი ესპანელებთან დამარცხდნენ.
თურქეთთან თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მეოთხე მეოთხედი ანგარიშით 66:66 დასრულდა. შეხვედრის ბედი დამატებით დროში უნდა გადაწყვეტილიყო. მაგრამ გამარჯვებული პირველი ოვერტაიმის ბოლოსაც არ გამოვლინდა – 75:75.
მეორე ოვერტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ზუსტი სამქულიანი მატჩის გმირმა სანდრო მამუკელაშვილმა ტყორცნა და გუნდი წინ გაიყვანა – 84:81, ხოლო სასტვენამდე 21 წამით ადრე ორი საჯარიმო რატი ანდრონიკაშვილმა ჩააგდო.
ამავე ეპიზოდში თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ტექნიკური ფოლი მიიღო, საქართველომ კი დამატებითი საჯარიმოების უფლება მოიპოვა. ეს საჯარიმო სროლები ტედ მაკფადენმა ზუსტად შეასრულა.
სამი ტურის შემდეგ საქართველო ჯგუფში მეხუთე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორეზე - თურქეთი.
რაც შეეხება ჯგუფის დანარჩენ თამაშებს, მონტენეგრომ ბულგარეთი დაამარცხა (91:81), ხოლო ესპანეთმა ბელგიასთან წააგო (83:93).
მომდევნო თამაშს ქართველი კალათბურთელები 6 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
ყველა ახალი ამბავი
0