ღარიბაშვილი: საქართველოს 2030 წლამდე განვითარების სტრატეგია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2022
გამოწერა
დოკუმენტი ეფუძნება ქართველი ხალხის საერთო სურვილს, აშენდეს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 5 სექტემბერი – Sputnik. სოციალური თანასწორობა, დემოკრატიის განმტკიცება, ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლება – ეს არის მთავრობის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიზნები, რომელსაც ის საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმა ჯერ კიდევ 2021 წელს, პრემიერის პოსტის დაკავების შემდეგ დააანონსა. თავდაპირველად დოკუმენტის შემუშავება 100 დღეში იგეგმებოდა. გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა უწყებებმა ჩაატარეს პრეზენტაციები, სადაც თავიანთ სფეროებში განვითარების გზა წარმოადგინეს. მიუხედავად ამისა, დოკუმენტის დამტკიცება მხოლოდ 2022 წლის 5 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მოხდა.

„ეს დოკუმენტი ეფუძნება ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა, სოციალური თანასწორობა, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა. ეს ყველაფერი ჩამოყალიბებულია ამ დოკუმენტში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის თქმით, დოკუმენტი ეფუძნება ქართველი ხალხის საერთო სურვილს, აშენდეს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დოკუმენტი ჯერ კიდევ გასულ წელს იყო მზად, მაგრამ მას შემდეგ სტრატეგია დაიხვეწა, მონაცემები კი განახლდა.

„აღნიშნული სტრატეგია გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც მთავრობის ერთიან ხედვას წარმოადგენს და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომიკის სამინისტროსგან გრანტებს 1300-ზე მეტი მეწარმე მიიღებს >>
ჯაველიძის თქმით, სტრატეგია განსაზღვრავს თითოეულ სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის მიზნებსა და ამოცანებს. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.
დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ თითქმის 500 გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის მომზადებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
ჯაველიძე ფიქრობს, რომ მთავრობა დღეს ყველაზე მეტად არის მზად, წარმოადგინოს ის ხედვა, რომელიც გააჩნიათ საჯარო უწყებებს სხვადასხვა მიმართულებით.
მისი თქმით, რჩება ტექნიკური დეტალების დასრულება, ასევე სრულდება დოკუმენტის კორექტირებაზე მუშაობა. დოკუმენტი, სავარაუდოდ, მთავრობის ვებ-გვერდზე მომდევნო კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება და ის ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0