რას გეგმავს ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში

© photo: Sputnik / StringerWizzAir-ის თვითმფრინავი
WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2022
გამოწერა
ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ პირდაპირ რეისებს 20-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. უნგრული ლოუკოსტერი Wizz Air უახლოეს წლებში საქართველოს ავიაბაზარზე საკუთარი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ Wizz Air-ის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის განვითარებას, მათ შორის, ახალი მიმართულებების დამატებას. დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით მომავალში ჩვენ გვექნება ძალიან საინტერესო პროექტები“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ამ ეტაპზე Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ პირდაპირ რეისებს 20-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.
„კომპანია Wizz Air-თან ძალიან წარმატებული და სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს, რაც ერთობლივი ძალისხმევით ბოლო ორი წლის განმავლობაში შევძელით“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
თამარ არჩუაძის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანიის საქმიანობის ზრდის პერსპექტივები და მომავალი გეგმები 2023 წლის ზამთრისა და ზაფხულის სეზონებისთვის.
ქუთაისი ცნობილი პროექტის Let’s GET LOST with WIZZAIR მონაწილეებს უმასპინძლებს>>>
Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვლადისლავ ილინის განცხადებით, კომპანია მოუთმენლად ელოდება საქართველოში საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობებს.
„ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე ჩვენი მხრიდან იყო პროექტი #GetLostwithWizz, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვიყვანეთ 200 ინფლუენსერი, რათა გვეჩვენებინა თქვენი ქვეყნის სილამაზე და მიმზიდველობა. ჩვენ ამით საკუთარი წვლილი შევიტანეთ თქვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენაში“, – განაცხადა Wizz Air-ის წარმომადგენელმა.
რამდენ მგზავრს მოემსახურა საქართველოს აეროპორტები წლის დასაწყისიდან>>>
პროექტი #GetLostwithWizz („მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“) ავიაკომპანია WizzAir-სა და მის შვილობილ კომპანია Wizz Air Abu Dhabi-ს ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს ავიაკომპანიის ფრენების ქსელის გაფართოების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. პროექტის მონაწილეები მათთვის უცნობ ადგილზე მიჰყავთ, სადაც მათ უქმეები უნდა გაატარონ და ახალი შთაბეჭდილებებით აივსონ.
დიდი ბრიტანეთის, ესპანეთისა და ავსტრიის შემდეგ, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი უპრეცედენტო და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
2022 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ის მომსახურებით 255.310-მა მგზავრმა ისარგებლა.
ყველა ახალი ამბავი
0