როდის გამოცხადდება ტენდერი დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობაზე

© photo: Sputnik / Stringerახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა
ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2022
გამოწერა
მთავრობის დადგენილების თანახმად, 7 ათასი ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ აშენებულ სახლებში, 6 ათასი ოჯახი კი სოფლად განსახლდება
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულთათვის ბინების ასაშენებლად 500 მილიონ ლარიანი ტენდერი მიმდინარე კვირის ბოლომდე გამოცხადდება, აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას.
2025 წლამდე 13 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირის ბინებით დაკმაყოფილების პროექტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ამოქმედდა.
„5 ათასამდე ბინა 270 ათასამდე კვადრატული მეტრი ფართით. ტენდერს გამოვაცხადებთ მიმდინარე კვირის განმავლობაში. 2-3 წლის განმავლობაში შევძლებთ დევნილების უზრუნველყოფას ამ ბინებით“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2,4 ათასი ოჯახი მიიღებს ბინებს თბილისში, 1,7 ათასი - ზუგდიდში, 720 ოჯახი - ქუთაისში. სულ 2025 წლამდე ახალ საცხოვრებელ ფართებს, ბინებსა და სახლებს მიიღებს 13 ათასი ოჯახი.
მთავრობის დადგენილების თანახმად, 7 ათასი ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ აშენებულ სახლებში, ხოლო დანარჩენი 6 ათასი ოჯახი - სოფლად საბინაო პროგრამის „სოფლის სახლის“ ფარგლებში.
ბინებს დევნილებს აუშენებენ ახალი ინიციატივის „მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში. მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, მთავრობა ბანკებთან იმ კომპანიებს დაუდგება თავდებად, რომლებიც სახელმწიფოსთვის აშენებენ, მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში კი მათ ამ ფულს დაუბრუნებს.
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 283,2 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი, 90,1 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.
ყველა ახალი ამბავი
0