დავითაშვილი: ხანძრის გასაკონტროლებლად მობილიზებულია ყველა საშუალება

© photo: Sputnik / Stringerხანძარი ბორჯომის ტყეში
ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2022
გამოწერა
დღეს ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტერიტორიული რეზერვის ასეულიც ჩაერთო.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
ცეცხლი მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ქვაბისხევის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. კლდოვანი და მიუწვდომელი რელიეფი ხანძრის ჩაქრობის პროცესს ართულებს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია თავდაცვის სამინისტროს ძალები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ტექნიკა.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ხანძრის მეტად გავრცელება მოსალოდნელი არ არის.

„რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. გამოყენებულია ტექნიკა. ასევე მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, თუმცა ზაფხულის სეზონი ხანძრების კუთხით ზოგადად რისკის შემცველია.
„მიზეზს გამოძიება დაადგენს. თუმცა აგვისტოს პერიოდი არის სარისკო. წინა ხანძრები როდესაც გვქონდა, ყოველთვის ამ პერიოდში იყო. დღეს საუბარია იმაზე, რომ გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ხანძარს“, – აღნიშნა მინისტრმა.
გუშინ ცეცხლის ახალი კერები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებთან ახლოს გაჩნდა. ადგილზე სიტუაციას გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. როგორც მან განაცხადა, ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობაზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ბორჯომში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ტერიტორიული რეზერვის ასეული ჩაერთო>>
ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს. ქარის გამო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის სახანძრო თვითმფრინავებმა მუშაობა გუშინ სიბნელის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე შეაჩერეს. სამუშაოებში ჩართულია რკინიგზის დეპარტამენტის სახანძრო მატარებელიც.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1.200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ძველ კერებთან მისასვლელი გზები გაყვანილია, მაგრამ ძლიერი ქარი, ცეცხლის კერებში მაღალი ტემპერატურა და რთული რელიეფი ძალიან ართულებს მეხანძრეების და სამხედროების მუშაობას.
ყველა ახალი ამბავი
0