სკანდალი ბათუმში ავარიული სახლების გამო: თორნიკე რიჟვაძემ ომბუდსმენს უპასუხა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanავარიული სახლი ბათუმში
ავარიული სახლი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2022
გამოწერა
ამ დროისათვის ბათუმში 140-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს ავარიულის სტატუსი აქვს.
თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ სასამართლოში ბათუმში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტს, განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ.
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ბათუმის მერიას გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ქალაქში მშენებლობის უფლებას აძლევს. ომბუდსმენის აზრით, ცვლილებები, რომელიც ასევე გულისხმობს ყველა ნორმის იგნორირებას, მათ შორის ევაკუაციის ნორმების და შშმ პირთათვის სახლების კეთილმოწყობის ვალდებულებას, საქართველოს კონსტიტუციას არღვევს.

„ის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად და სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა (და ალბათ „სახალხო“ უნდა მოვაშოროთ და „ნაცებთან“ შეზრდილი, „ნაცების“ დამცველია ეგ), რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანა იერიში და გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, აუცილებლად დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს დააკმაყოფილებს, ცვლილებები ძალადაკარგულად გამოცხადდება და პროგრამა შეჩერდება.
ამასთან, მერიის პროექტთან პრეტენზიები პოლიტიკურ ოპოზიციასაც აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მერიას ქალაქის ისტორიული ნაწილის განადგურება სურს.

„განვმარტავ, რომ ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ძველი ბათუმის იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა. ამიტომ... ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, იქნება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სკანდალური პროექტი

ივლისის დასაწყისში ბათუმის მერიამ მოიპოვა განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდის უფლება განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე, რაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში. დეპუტატებმა მერიას ასეთი განაშენიანებისთვის გარკვეული პირობები განუსაზღვრეს. განაშენიანება გენგეგმის გარეშე განხორციელდება:
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე;
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტების განხორციელებისას შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში;
ავარიული შენობა-ნაგებობების (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით;
იმ ობიექტების დასრულების მიზნით, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად.
ასეთი განაშენიანებისთვის ნებართვას გასცემს ბათუმის საკრებულო, მერიის მხრიდან დასაბუთების არსებობის შემთხვევაში.
საკრებულოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შენობა-ნაგებობის გაზრდილი ფართის არანაკლებ 10%-ის ოდენობა სასარგებლო ფართის სახით უნდა დარეგისტრირდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რაც გამოყენებული უნდა იქნას სოციალური მიზნით, მათ შორის, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის.
ხმაური ბათუმის საკრებულოში: რის გამო კამათობენ დეპუტატები >>
განაშენიანება ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში. პროგრამის მიხედვით, ბათუმში ავარიულ სახლებს თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები ჩაანაცვლებს.
აჭარის მთავრობა პროგრამის წარმატებით განსახორციელებლად დეველოპერებსა და მშენებელ კომპანიებს 150 მილიონი ლარის მოცულობის საბანკო თავდებობას სთავაზობს.
პროგრამის ფარგლებში 300-მდე მრავალბინიანი სახლი მთლიანად ჩანაცვლდება ახალი თანამედროვე კორპუსებით, ხოლო 3 ათასზე მეტი ოჯახი ცხოვრებას უსაფრთხო პირობებში გააგრძელებს.
პროგრამა პირველ ეტაპზე 70 ოჯახს შეეხება, რომლებიც რურუას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ბათუმის საკრებულომ მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.
ამ დროისათვის ბათუმში ავარიულის სტატუსი 140-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს აქვს.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ყველა ახალი ამბავი
0