ხმაური ბათუმის საკრებულოში: რის გამო კამათობენ დეპუტატები

© photo: Sputnik / Stringerბათუმის მერია
ბათუმის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2022
გამოწერა
ოპოზიციონერებმა მმართველი პარტია კორუფციაში დაადანაშაულეს, „ოცნებაში“ კი ამ ბრალდებებს აბსურდული უწოდეს.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ბათუმის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ხმაურიანი გამოდგა – დეპუტატების კამათის მიზეზი ქალაქის ავარიული სახლები გახდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ მმართველმა პარტიამ ისე შეადგინა, რომ ის კორუფციის რისკს შეიცავს. ამიტომ ოპოზიცია ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვდა.

„ეს პროექტი არ არის გამჭვირვალე, ასევე ბიუჯეტთან მიმართებით ძალიან სერიოზული ხარვეზებია, ინფრასტრუქტურულ ნაწილში საერთოდ კატასტროფა ხდება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რევაზ ხარაზმა.

„ქართულ ოცნებაში“, თავის მხრივ, ბრალდებებს აბსურდული და პოპულისტური უწოდეს.
„არაერთხელ განმიცხადებია, რომ უპრეცედენტო ბიუჯეტია, თითქმის 300 მილიონი, 38 მილიონით იზრდება და ყველაზე პოზიტიური ის არის, რომ საკუთარი შემოსავლების ხარჯზეა დიდი ნაწილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა თენგიზ აფხაზავამ და დასძინა, რომ კორუფციის არანაირი რისკი არ არსებობს.
აჭარის მთავრობამ დაიწყო პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელება, რომლის ფარგლებში 2025 წლამდე 3 ათასი ოჯახი, რომლებიც საშიშ პირობებში ცხოვრობენ, ახალ საცხოვრებელ ფართებს მიიღებს.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა გასული წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ძველი ავარიული სახლების ადგილზე ახალი აშენდება. პროგრამა პირველ ეტაპზე 70 ოჯახს შეეხება, რომლებიც რურუას ქუჩაზე ცხოვრობდნენ. მათ უკვე შესთავაზეს ალტერნატიული ფართი მერიის ბინების ფონდიდან.
პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ღირებულება 90 მლნ ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0