საწვავის ბაზრის მონიტორინგი - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2022
გამოწერა
ყველაზე მეტი საწვავი – 40,8% წლის დასაწყისიდან საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასები შემცირდა და ეროვნული ვალუტა გამყარდა, საწვავის ღირებულება საქართველოში კვლავ მაღალია, ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს კვლევაში.
საავტომობილო საწვავის ბაზრის კვლევის მიზანია მსხვილი გამყიდველების კონკურენტული ქცევის შესწავლა საწვავის ბაზარზე და მისი შესაბამისობა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან.

„2022 წლის 7 თვის მონიტორინგის შედეგების მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე, ხოლო რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით, კონკრეტულ კომპანიებს ფასში კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნულის ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ფიქსირდებოდა ნავთობზე საერთაშორისო ფასების კლება და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენციაც”, – აღნიშნულია მონიტორინგის ანგარიშში.

საქართველოში იანვარი–ივლისში 40 კომპანიის მიერ იმპორტირებული იყო 810.320 ტონა ლიტრი ბენზინი და დიზელის საწვავი, ამავე დროს, სამი ყველაზე დიდი კომპანიის წილი საწვავის იმპორტში 60,88%-ია.
იმპორტიორი ქვეყნები
წლის დასაწყისიდან ყველაზე მეტი მოცულობის საწვავი იპორტირებული იყო რუსეთიდან – 40,8%. შემდეგ მოდიან რუმინეთი – 26,5%, ბულგარეთი – 13,4%, თურქმენეთი – 9,9%, აზერბაიჯანი – 7,7%. დანარჩენ ქვეყნებზე მოდის 1,7%.
ბენზინის ფასი საქართველოში ხელოვნურადაა გაზრდილი – ექსპერტი>>
კვლევაში ცალკეა წარმოდგენილი აპრილი–ივლისის მონაცემები. ამ პერიოდში რუსული საწვავი მთელი იმპორტის 64–65%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის შვიდი თვის სტატისტიკას, საწვავის მთელ იმპორტში ბენზინის წილია 56,1% (რეგულარი–92 – 34,7%), ხოლო დანარჩენი 43,9% – დიზელის საწვავია.
როგორ ყალიბდება ფასი
ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ფორმირდება. ესაა საბაჟო ღირებულება, აქციზი, ფასნამატი, დღგ, საოპერაციო დანახარჯები.
სააგენტოს მონაცემებით, რუსეთიდან იმპორტირებული რეგულარის, პრემიუმის და დიზელის საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით რუმინეთიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით.
„თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის მსგავს ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 20-70 თეთრს 1 ლიტრ საწვავზე“, – ნათქვამია კვლევაში.
ღარიბაშვილი: საწვავზე ფასები იკლებს>>
ივნისი–ივლისში საქართველოში შემოტანილი საწვავის 85–90% რუსეთსა და რუმინეთზე მოდის.
ფასების ბოლო ზრდა საწვავზე საქართველოში გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, თუმცა ნახტომისებური ზრდის შემთხვევები მიმდინარე წლის თებერვალი–მარტში დაფიქსირდა. კერძოდ, 92 ოქტანობის ბენზინი ერთ თვეში თითქმის 12%-ით გაძვირდა, მისმა ღირებულებამ (ერთი ლიტრის) დაახლოებით 3,8 ლარი შეადგინა, ხოლო 95 ოქტანობის ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 4 ლარს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0