საქართველო წელს ყურძნის რეკორდულ მოსავალს ელოდება - პრემიერი

© photo: Sputnik / Stringerყურძენი
ყურძენი - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2022
გამოწერა
ყურძნის სუბსიდირება სახელმწიფოს დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
თბილისი, 15 აგვისტო – Sputnik. საქართველოში წელს ყურძნის რეკორდულ მოსავალს ველოდებით – დაახლოებით 300 ათას ტონას, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რთველი კახეთში უახლოეს დღეებში დაიწყება. ის ტრადიციულად ორგანიზებულად ჩაივლის. საკოორდინაციო შტაბის თანამშრომელთა ნაწილი უკვე კახეთშია. შტაბი სრული დატვირთვით შემდეგ კვირაში ამუშავდება.

„მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის სტრატეგიული დარგია... სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ დარგის განვითარება პრიორიტეტულად დასახელდა.
წელსაც ამუშავდება სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ფერმერებს დაეხმარება, გარკვეული ჯიშის ყურძენი საბაზროზე მაღალ ფასად ჩააბარონ.

„წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება სულ მცირე 90 თეთრი. არც ერთი კილო ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პროცესში ღვინის დაახლოებით 300 კომპანია ჩაერთვება. მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები კომპანიების ხელმძღვანელებთან, რათა მათთან კოორდინირებულად იმუშაონ.
რთველი-2022: ოთარ შამუგიამ ღვინის კომპანიებთან მოსავლის აღების საკითხებზე იმსჯელა>>
სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირება წელს დაახლოებით 150 მლნ ლარი დაუჯდება.
პრემიერმა ასევე გააკრიტიკა წინა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ფერმერებს ხელისუფლება არ ეხმარებოდა. უფრო მეტიც, ისინი მევენახეებისგან მოითხოვდნენ ვენახების გაჩეხვას და ასევე იმას, რომ მათ ყურძენი არ ჩაებარებინათ.
საქართველოში რთველისთვის მზადება დაიწყო: რა სიახლეები იქნება 2022 წელს>>
ღარიბაშვილის თქმით, 2012 წლამდე საქართველოში დაახლოებით 30 ღვინის კომპანია იყო, ახლა კი 300-ზე მეტია და მათი შემოსავლები ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ამ დარგში დაახლოებით 25 ათასი მევენახეა დასაქმებული.
ყველა ახალი ამბავი
0