ათი წელი მთავარი ეპიდემიოლოგის პოსტზე: გამყრელიძემ ანგარიში წარმოადგინა

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
ამირან გამყრელიძემ თავის მიმართვაში ცენტრის ათწლიანი მუშაობა შეაჯამა და გამოყო ზოგიერთი პროექტი, რომლებიც ქვეყანაში ბოლო წლებში დაინერგა.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ეპიდემიოლოგმა ამირან გამყრელიძემ, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ტოვებს, შეაჯამა ათი წლის მუშაობა ამ პოსტზე და ჩამოთვალა სფეროები, რომლებშიც ცენტრმა წარმატებებს მიაღწია.
გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი 5 აგვისტოს გახდა. მან პოსტის დატოვება, რომელსაც 2013 წლიდან იკავებდა, საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ადგილს ახალგაზრდებს უთმობს.

„განვლილი ათი წლის მანძილზე იყო ბევრი გამოწვევა სხვადასხვა მიმართულებით, რისი დაძლევაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც პროფესიიდან, ასევე დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე“, – აღნიშნა გამყრელიძემ თავის მიმართვაში.

მისი თქმით, შედეგების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ცენტრის თითოეული თანამშრომლის შრომისა და თავდადების გარეშე.
„განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გამოვყო ბოლო წლები, პანდემიის პერიოდი, როდესაც ცენტრის მთლიანი შემადგენლობა, ცენტრალური წარმომადგენლობა, რეგიონების და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების ჩათვლით, მუდმივ, 24/7 რეჟიმში ჩართული იყვნენ, ერთი მხრივ, ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო, მეორე მხრივ, ახორციელებდნენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების რუტინულ საქმიანობას ქვეყნის ყველა კუთხეში, თითოეულ მოქალაქემდე უწყვეტად მისატანად“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
რეკომენდაციები წასვლის წინ: გამყრელიძემ ჯანდაცვის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა>>
ამირან გამყრელიძემ გამოყო ზოგიერთი პროექტი, რომლებიც ქვეყანაში ბოლო ათი წლის განმავლობაში დაინერგა. მან აღნიშნა დადებითი მუშაობა ჯანდაცვის ძირითადი ინდიკატორების შემცირების მიმართულებით (ბავშვთა სიკვდილიანობა 0–5 წლის ასაკში, მკვდრადშობადობა, ნეონატალური სიკვდილიანობა, მოზარდთა ორსულობა, აბორტების რაოდენობა).
მან ასევე აღნიშნა ახალი ვირუსების აღმოჩენა/იდენტიფიცირება მსოფლიო და საქართველოს მასშტაბით, წითელას ეპიდაფეთქების მართვა, წითურას ელიმინაცია, ცოფის ერთეულ შემთხვევებამდე დაყვანა ან საერთოდ განულება, მალარიის ადგილობრივი გადაცემის აღმოფხვრა, პოლიოვირუსის ველური და ვაქცინადერივატული შტამით გამოწვეული შემთხვევების ნულოვანი მაჩვენებელი, 6 ახალი ვაქცინის დამატება იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში და რუტინული და პრევენციული ვაქცინაციით მოცვის მკვეთრად გაუმჯობესება, ტუბერკულოზის ყველა ფორმის გავრცელების მკვეთრი კლება.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ასევე ისაუბრა აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციული სისტემის შექმნისა და სერვისების გაფართოების მნიშვნელობაზე, ქვეყანაში „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვაზე, ჰეპატიტი C-ს ელიმინაციის ფლაგმან პროგრამაში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანაზე, სისხლის დონორთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დანერგვაზე.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ამ წლებში იყო არტერიული ჰიპერტენზიის მასობრივი სკრინინგის დანერგვა, იოდის ეროვნული კვლევა, თამბაქოს კონტროლის გაძლიერება და ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირების ყოველწლიური მზარდი დინამიკის ხელშეწყობა, ცენტრში გარემოს დაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბება და ამ მიმართულების მნიშვნელოვნად განვითარება.
გამყრელიძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტებია ასევე ქიმიურ რისკ-ფაქტორთა შეფასების ლაბორატორიის შექმნა–ამოქმედება, კიბოს ერთიანი ინფორმაციული სისტემის, დაბადების რეგისტრის, დაბადება/გარდაცვალების სისტემის ადმინისტრირება და მრავალი სხვა.

„თუმცა, ყველა მიღწევის პარალელურად კვლავ განსაკუთრებულად გამოსაყოფია ამ საუკუნის უდიდესი გლობალური გამოწვევა და მსოფლიო კრიზისის მიზეზი – კოვიდ-პანდემია, პრობლემა, რომლის მსგავსიც კაცობრიობის ისტორიის საუკუნეში ერთხელ თუ შეიძლება მოხდეს“, – ნათქვამია გამყრელიძის მიმართვაში.

მან მიუსამძიმრა იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთა გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამყრელიძის თქმით, ბოლო წლები ემოციური თვალსაზრისით მისთვისაც განსაკუთრებით სტრესული და მძიმე იყო.
თენგიზ ცერცვაძე ამირან გამყრელიძის გადადგომას გამოეხმაურა>>
უფრო ადრე გამყრელიძემ განაცხადა, რომ სანამ თანამდებობას დატოვებს, უფლებამოსილების გადაცემის პროცესის დაწყებას აპირებს. როგორც ცნობილია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეასრულებს.
გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთად მიიღო. მისი თქმით, ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.
ყველა ახალი ამბავი
0