რეკომენდაციები წასვლის წინ: გამყრელიძემ ჯანდაცვის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა

© photo: Sputnikამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2022
გამოწერა
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა 21-ე საუკუნის და მომავლის მედიცინის ძირითადი ორიენტირია, დარწმუნებულია სპეციალისტი.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოადგინა – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობის დატოვებამდე მიმართვა გაავრცელა.
გამყრელიძის გადადგომის შესახებ 5 აგვისტოს გახდა ცნობილი. მან 2013 წლიდან დაკავებული თანამდებობის დატოვება საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას მან თქვა, რომ გზას ახალგაზრდობას უთმობს.
გამყრელიძის აზრით, ახლო მომავალში კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს „საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის“ და მოხდეს მისი მაქსიმალური ხელშეწყობა, რათა მომავალი თაობებისთვის ეს ცხოვრების წესად იქცეს.

„მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რაც შემდგომ განაპირობებს ცოდნაზე და გამოცდილებაზე დამყარებულ ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას... ჩემი ყოველდღიური საქმიანობა, მათ შორის დღეს დაკავებული პოზიციიდან, ამისკენ იყო მიმართული“, – ნათქვამია გამყრელიძის მიმართვაში.

სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა პრიორიტეტული უნდა გახდეს, რადგან ქვეყანაში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები არსებობს.
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს ეროვნული გენომური ცენტრი და გაფართოვდეს მისი საქმიანობა, რაც, მისი თქმით, ქვეყნისა და რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება.
გამყრელიძის თქმით, მომავალი 5 წლის მანძილზე სრულად უნდა მოხდეს ჰეპატიტი C-ს ელიმინაცია. ასევე უნდა გაძლიერდეს კონტროლი იმ რისკ-ფაქტორებზე, რომლებიც ტყვიის მაღალ შემცველობას უკავშირდება.
მანამდე გამყრელიძემ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებამდე უფლებამოსილების გადაბარების პროცესს დაიწყებს. როგორც ცნობილია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია იქნება.
გამყრელიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილთან ერთობლივად მიიღო. მისი თქმით, ეს ორმხრივი გადაწყვეტილება იყო.
ყველა ახალი ამბავი
0