თუ მიღებულ ქულებს არ ეთანხმებით: ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან დაიწყო

© AFP 2024 / FRED DUFOURსაგამოცდო ცენტრი
საგამოცდო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2022
გამოწერა
აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – შერჩევით.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. მიმდინარე წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აპელაცია დღეიდან, 8 აგვისტოდან დაიწყო, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს დასრულდა. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებისა და სტუდენტების სააპელაციო განაცხადების მიიღება დაიწყება 8 აგვისტოს 10:00 საათიდან და 10 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით და მის შესავსებად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს ვებ-გვერდს online.naec.ge.
აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.
გამოცდების ეროვნული ცენტრი სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციასაც აქვეყნებს:
– აპელაციისთვის განკუთვნილ ბმულზე გადასვლის შემდეგ შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი;
– მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
– საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება;
– თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
– დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“. განაცხადის გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
„აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გაგზავნოს განაცხადი“, – აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულება 50 ლარია, შეფასების ცვლილების შემთხვევაში კი (დაკლების ან მომატების) თანხა უკან ბრუნდება.
აბიტურიენტების საყურადღებოდ: უცხო ენებში გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა>>>
ცენტრის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ან სტუდენტს განაცხადი უკვე გაგზავნილი აქვს და გაუჩნდა დავალების ან საგნის დამატების სურვილი, უკვე გაგზავნილი განაცხადი უნდა გააუქმოს წერილობით. გაუქმების თაობაზე უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
2022 წლის გამოცდებზე 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი, 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, 9,5 ათასზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი და 34,5 ათასი მასწავლებლობის მსურველი დარეგისტრირდა.
ყველა ახალი ამბავი
0