მირიან კუკავას მკვლელობის საქმე: პროკურორი დეტალებზე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
წვეულებაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილის გარდა, 30 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გამოიკითხა, აღნიშნა საქმის პროკურორმა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. პროკურატურას ჰყავს მოწმე, რომელიც ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის ფაქტს შეესწრო, განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
დავით ყაზარაშვილმა, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, არ დააკონკრეტა მოწმის ვინაობა.
„საქმის მასალებით და ადამიანების დაკითხვით ჩანს, რომ იყვნენ მირიან კუკავა, ბრალდებული და ერთი სხვა მოწმე, რომელიც მომხდარ ფაქტს შეესწრო. რაც შეეხება მკვლელობის ფაქტს, ბრალდებულიც აღიარებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა პროკურორმა.
დღეს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა.
„სასამართლომ რვავე ბრალდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება და მათ პატიმრობა შეეფარდათ. ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქმეზე ნებისმიერი მათგანის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს“, - განაცხადა პროკურორმა.
„არც კი ვიცნობდი“: რას ამბობს 20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული>>
დავით ყაზარაშვილის თქმით, ვინც საქმეზე ხულიგნობის მუხლით არის დაკავებული, ყველა ჩხუბობდა. როგორც პროკურორი განმარტავს, ეს საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება.
„კონფლიქტი დაიწყო მხარის გაკვრით, რის შემდეგაც ეზოში ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ის 5 ბრალდებული, რომელსაც ბრალი ხულიგნობისთვის წაუყენეს. შემდეგ უკვე გარდაცვლილს, დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის გაგრძელდა ეს კონფლიქტი ეზოს გარეთ, ქუჩაში, სადაც მკვლელობა მოხდა“, - განაცხადა პროკურორმა.
მისი თქმით, მართალია იქ ვიდეოკამერები არ იყო, თუმცა არის მოწმეთა ჩვენებები, ვინც ადასტურებს ფაქტს, რომ ეს ადამიანები ჩხუბობდნენ.
დავით ყაზარაშვილის განმარტებით, წვეულებაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილის გარდა, 30 ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი გამოიკითხა.
მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ>>
28 ივლისს ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც გამოძიების ცნობით, ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.
ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: პროკურატურა საქმის დეტალებს ასაჯაროებს>>
რაც შეეხება მკვლელობაში მთავარ ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, დღევანდელ სასამართლო სხდომას ესწრებოდა. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ხულიგნობის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა სწორედ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.
პროკურორის თქმით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0