მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2022
გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირებს ბრალდება ოფიციალურად გუშინ წარუდგინა.
თბილისი, 31 ივლისი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რვავე პირს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ყველა დაკავებულის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა.
სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ხულიგნობის ნაწილში თავს არ ცნობს დამნაშავედ, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა სწორედ მის მიერ მიყენებული ჭრილობებით დაიღუპა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 19 სექტემბერს ჩაინიშნა.
საქართველოს პროკურატურამ სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
ბრალდებული 7 პირიდან 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით წარედგინა, რაც ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
20 წლის ბიჭის მკვლელობა დაბადების დღეზე: პროკურატურა საქმის დეტალებს ასაჯაროებს>>>
რაც შეეხება მკვლელობაში მთავარ ბრალდებულ დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა, რაც 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, 28 ივლისს ცხვარიჭამიაში, დაბადების დღის წვეულებაზე სტუმრებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები, მათ შორის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული დავით ჯიჯეიშვილი დანის გამოყენებით, ერთმანეთს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რა დროსაც გამოძიების ცნობით, ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მირიან კუკავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ის პოლიციამ ორი დღის წინ დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0