საქართველოს პირველი პირები გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან

© photo: Sputnikანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.07.2022
გამოწერა
აფეთქების დროს ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, რვავე მათგანი დაიღუპა. გარდაცვლილია ის ტურისტიც, რომელიც პარაპლანით მიფრინავდა.
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პირველი პირები მწუხარებას გამოთქვამენ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებს.
მომხდარ ტრაგედიას გამოეხმურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სამძიმარი გამოუცხდა დაღუპულთა ოჯახებს.
„ქვეყანაში უმძიმესი წუთებია. სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. გმირობის ტოლფასია ყველას თავდადება, ვინც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა“, - წერს პრეზიდენტი.
მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მედიკოსები ემსხვერპლნენ. ისინი საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას – ადამიანების გადარჩენის ოპერაციის დროს დაიღუპნენ. მათი დაღუპვა დიდი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის. ეს ტკივილი და მწუხარება საერთოა“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„უდიდესი ტრაგედიის მოწმენი გავხდით. ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სამაშველო ღონისძიების დროს დაიღუპნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მედიკოსები, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის უწყების თითოეულ თანამშრომელს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით“, - განაცხადა კალაძემ.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამენ პარტია „ქართულ ოცნებაშიც“.
30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება: ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე>>
„მწუხარებას გამოვთქვამთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების, მაშველების და სამედიცინო პერსონალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, კოლეგებს, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს მომხდარი ტრაგედიის გამო“, - წერია სამძიმრის წერილში.
გუშინ, 29 ივლისს გუდაურთან სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ვერტმფრენის ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ, ეკიპაჟის ოთხი წევრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.
ვერტმფრენი კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიფრინავდა. ასევე დაიღუპა პარაპლანისტებიდან ერთი, უცხოეთის მოქალაქე, მეორე გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობს.
ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული.
ყველა ახალი ამბავი
0