კვარაცხელია კვლავ გამოარჩიეს - ქართველი ფეხბურთელის მორიგი შედეგიანი მატჩი „ნაპოლიში“

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2022
გამოწერა
ხვიჩა კვარაცხელიამ მექსიკელ თანაგუნდელს გოლი მატჩის 55-ე წუთზე გაატანინა.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. იტალიურმა „ნაპოლიმ", სადაც ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ირიცხება, მორიგი ამხანაგური მატჩი თურქულ „ადანა დემირსპორთან“ გამართა.
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ 21 წლის ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმი სრულად ათამაშა.
კვარაცხელიას მოედანზე შემოსვლამდე გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა ფეხბურთელმა ხელის ტრავმა მიიღო, თუმცა მატჩი უპრობლემოდ გააგრძელა. მატჩის 55-ე წუთზე კვარაცხელიამ ირვინ ლოზანოს ეფექტური საგოლე გადაცემა გაუკეთა და მექსიკელმაც ერთი შეხებით გოლი გაიტანა.
თურქულმა კლუბმა ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი წინ გასვლა მოახერხა. „ადანა დემირსპორის“ გამოცდილმა იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ ორი გოლის გატანა მოახერხა და ორივე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან. ნეაპოლელებმა ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის მიწურულს, 94-ე წუთზე მოახერხეს და საბოლოო ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.
კვარაცხელია: სადაც დავჭირდები, იქ ვითამაშებ, სპალეტი დიდებული მასწავლებელია!>>
მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და კვარაცხელიას მიმართ საქებარი სიტყვები არც ამ შემთხვევაში დაიშურა.

„კვარა აჩვენებს, რომ დიდებული ტექნიკური შესაძლებლობები აქვს. მან იცის, როგორ აკონტროლოს ბურთი და ასევე როგორ წავიდეს მეტოქის წინააღმდეგ, უბრალოდ, რამდენჯერმე არ გაუმართლა, თორემ გოლის გატანა შეეძლო“, – განაცხადა სპალეტიმ.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ წინა ამხანაგურ მატჩებშიც თითო ტაიმი ითამაშა. პირველად დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, მეორედ გოლი გაიტანა, ახლა კი საგოლე პასი გააკეთა. შედეგად, სრულ სამ ტაიმში კვარაცხელიას ანგარიშზე სამი გოლი და ორი საგოლე პასია.
მეტი გოლის მოლოდინში! - „ნაპოლიში" პენალტებს კვარაცხელია შეასრულებს>>
„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას კასტელ დი სანგროში აგრძელებს. იტალიური გუნდი 31 ივლისს ესპანურ „მალიორკას“ დაუპირისპირდება, იტალიის ჩემპიონატს კი 15 აგვისტოს „ვერონასთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.
ყველა ახალი ამბავი
0